უცნაური კაცი

ილია ბაბუნაშვილი უცნაური კაცი
14:43 / 13 მაი 2022

უცნაური რომ დაიბადება ადამიანი. კიევის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად 1961 წელს გახდა. ვალერი ლობანოვსკი მაშინ 22 წლის გარემარბი იყო. მანამდე, კიეველები იმდენჯერ იყვნენ ტიტულთან ახლოს, რომ ნანატრმა გამარჯვებამ გულშემატკივარი სიხარულისგან ჭკუაზე გადაიყვანა, ლობანოვსკი კი…

საბჭოეთში ასე იყო: სპორტსმენი რამეს რომ მოიგებდა, შრომით კოლექტივებს ახვედრებდნენ. ლობანოვსკი, ოლეგ ბაზილევიჩი და ვლადიმირ ლევჩენკო მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წაიყვანეს და სწორედ იქ თქვა უცნაურმა კაცმა, დიახ, ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ხშირად ცუდად ვთამაშობდით. ჩვენ, უბრალოდ, სხვა გუნდებზე მეტი ქულა დავაგროვეთ, რადგან ისინი ჩვენზე უარესად თამაშობდნენ, თორემ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, ამდენი რომ გვაქოთო.

Valeriy Lobanovskyi: Football's Forgotten Pioneer – Breaking The Lines

ეპოქაც თავისებური იდგა. კიევს არ ბომბავდნენ. იქ კიბერნეტიკული ინსტიტუტიც კი გახსნეს და რაღაც კომპიუტერის მაგვარ გამოთვლით მანქანას იგონებდნენ. ლობანოვსკი პოლიტექნიკურში სითბურ ინჟინერიას ეუფლებოდა. თურმე კარგად სწავლობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ფეხბურთში წამოიჭრა საკითხი: ინდივიდუალიზმი თუ სისტემა?! ძნელი მისახვედრი არ არის, რომელ მხარეს იდგნენ საქართველოში, ლობანოვსკიზე კი პოლიტექნიკურმა იმოქმედა ძალიან. თავად განმარტა, რომ ფეხბურთი არის ოცდაორელემენტიანი სისტემა, რომელიც ორ თერთმეტელემენტიან ქვესისტემად იყოფა. ის მოქმედებს წინასწარ განსაზღვრულ ფართობზე და ემორჩილება აკრძალვებს (თამაშის წესებს). თუ ქვესისტემები იქნება ტოლფასი, თამაში დასრულდება ფრედ, უტოლობის შემთხვევაში კი ერთ-ერთი გუნდი გაიმარჯვებს.

მაგრამ, მთავარი აი, რა არის: ლობანოვსკი მიხვდა, რომ თერთმეტელემენტიანი ქვესისტემა მისი შემადგენელი ერთეულების ჯამზე უფრო ეფექტურია ანუ ფეხბურთი ინდივიდუუმების კი არა, მათი გაერთიანებების თამაშია. სხვა სიტყვებით, რაც უფრო მკაცრად დაემორჩილებიან ფეხბურთელები გუნდური თამაშის პრინციპს, მით უკეთესი იქნება შედეგი. „მთელი ცხოვრება რიცხვებია“, — ამბობდა ის მოგვიანებით.

The parakeet dream is decided on Lobanovsky street

არ დაგიმალავთ და კიევის დინამოს ფეხბურთი არ მიყვარდა. ვაღიარებ, რომ ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ესთეტიკურ სიამოვნებას ვერ მანიჭებდა. ეს შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ თბილისის დინამოს კონკურენტად მიმაჩნდა და როგორც გულშემატკივარი ყველაფერში ჩვენებისკენ ვიყავი. სამხრეთული ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენთან ინდივიდუალიზმსაც უფრო მეტ პატივს სცემდნენ. თვით ნოდარ ახალკაცის დროს, თბილისის დინამოში მოთამაშის ფანტაზია გაცილებით მეტად ფასობდა, ვიდრე კიევის დინამოში. ამიტომაც გამოდგა სისულელე 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების სათავეში ბესკოვის, ლობანოვსკის და ახალკაცის ერთად დანიშვნა. ერთი ალთას ეწეოდა და მეორე ბალთას, არადა შემადგენლობით მართლა ძლიერი გუნდი იყო. ჩვენი ბიჭების გამო მწყდება გული, თორემ საბჭოთა კავშირს თავის ნაკრებიანად თავში ქვა ეხალა.

ლობანოვსკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრესინგი. თავად განსაჯეთ, კიევის დინამოს მწვრთნელი რომ გახდა, ბაზის კედლებზე ფურცლები გააკრა. მათზე მოთხოვნები იყო ჩამოწერილი. როგორც ამბობენ, თოთხმეტი პუნქტიდან ცამეტი თავდამსხმელებს ეხებოდა. ისინი ვალდებულები იყვნენ ბურთის წართმევაში სხვა თანაგუნდელებთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა და შემდეგ ეს ბურთი თავიანთი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს გადაეტანათ; ოღონდ არანაირი თავიდან მოშორება. ყველას უნდა ემოძრავა.

ოთხ პუნქტში ზუსტად იყო ჩამოწერილი, მეტოქისთვის ბურთის წართმევის შემდეგ ვის საით უნდა გადაეწოდებინა ის, ვინ საით უნდა გახსნილიყო.

„ტაქტიკას იმის მიხედვით არ ვირჩევ, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელებს მოერგოს. პირიქით, ფეხბურთელები უნდა მოერგონ ტაქტიკას“ — ამბობდა უკრაინული, საბჭოთა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.

„ლობანოვსკის ჩემთან მტრული ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ მეგობრულსაც ვერ დავარქმევდი. უთანხმოება მოგვდიოდა, ოღონდ ვიცოდით, რომ დიდ საქმეს ვაკეთებდით, — იგონებდა „ფრანს ფუტბოლის“ ოქროს ბურთის 1986 წლის ლაურეატი იგორ ბელანოვი.

„ჯობდა ლობანოვსკისთან არ გეჩხუბა. როდესაც ის დავალებას იძლეოდა, თუ ფეხბურთელს წამოცდებოდა: „კი მაგრამ, ჩემი აზრით…“ ვალერი ვასილიჩი ღრიალს იწყებდა: შენ ნუ გაქვს აზრი!. შენ ითამაშე! შენს ნაცვლად მე ვიფიქრებ!“ — იხსენებდა ალექსანდრ ხაპსალისი.

Gli intoccabili. Ecco gli allenatori più longevi sulle panchine europee - Corriere.it

ასე იფიქრა ლობანოვსკიმ სხვების მაგივრად და მოიფიქრა: მისი ხელმძღვანელობით კიევის დინამომ რვაჯერ საბჭოთა კავშირის, ხუთჯერ კი უკრაინის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ თასების მფლობელთა თასი მოიგო, ერთხელ ევროპის სუპერთასი. 1988 წელს უცნაურმა კაცმა საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახადა, 1976 წელს კი ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოაგებინა. 1986, 1988 და 1999 წლებში ვალერი ლობანოვსკი ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 2019 წელს „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა შორის მე-6 ადგილზე გავიდა, 2013 წელს „უორლდ სოკერის“ გამოკითხვითაც მეექვსედ აღიარეს, ხოლო ESPN-ის 2019 წლის გამოკითხვაში, მერვე იყო.

ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მომწონდა მე მისი გუნდების თამაში თუ არა. ის მსოფლიო ფეხბურთში ძალიან დიდი ფიგურა იყო და მოსკოვში ერჩივნათ მისი ქალაქის ნგრევის ბრძანება კი არ გაეცათ, თუ შნო ჰქონდათ შექმნაში, განვითარებაში, ახლის მოფიქრებაში შეჯიბრებოდნენ.