ფეხბურთი და ნანგრევები:

ილია ნანობაშვილი ფეხბურთი და ნანგრევები:
16:38 / 2 მაი 2022

სტატია, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ… ეხება ლეგენდარულ იუგოსლავიელ მწვრთნელ ივიცა ოსიმს, რომელიც 1 მაისს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.

ახლა ბევრმა შეიძლება იკითხოს, რატომ იყო ოსიმი ლეგენდა. მოვყვებით! 1986 წელს იუგოსლავიის ნაკრების მწვრთნელი გახდა და დიდებული თაობა ჰყავდა, შედეგებიც მშვენიერი ჰქონდა და ეს ყველაფერი 1992 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ომმა დაასრულა.

ევრო-92. თითქმის ყველამ იცის, დანია იუგოსლავიის ნაცვლად რომ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ჩემპიონი გახდა. იუგოსლავია ბოლოს არ დაუშვა უეფამ. ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყო, უეფამ კი 30 მაისს (11 დღით ადრე) გამოაცხადა ვერდიქტი…

ის ევროშესარჩევი სწორედ ოსიმის გაწვრთნილმა ნაკრებმა მოიგო. ერთი ქულით გაუსწრო დანიას. ომი გაღვივებული იყო, მანამდე ერთმანეთის ძმები მტრებად იქცნენ, კლავდნენ, სახლებს წვავდნენ. ოსიმი როგორღაც ინარჩუნებდა ნაკრების შემადგენლობას – თავისი მამაშვილური დარიგებებით, ავტორიტეტით.

ოსიმს საოცარი შედეგები ჰქონდა, წარმატების გარანტი მწვრთნელივით იყო. იუგოსლავიის სამწვრთნელო სკოლა კი იმ პერიოდში, ყველამ იცის, ერთ-ერთ  უმაგრესად ითვლებოდა.

ნაკრებს გავყვეთ. ოსიმი 1991 წლის ოქტომბრამდე კბილებით ინარჩუნებდა, თუმცა ეტაპობრივად რღვევა დაიწყო. პირველი ხორვატები წავიდნენ იუგოსლავიის ნაკრებიდან. თან, რა ბიჭები: დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ იარნი და სხვები. ეს ჯერ კიდევ შესარჩევის ბოლო ტურამდე.

ცნობილია, რომ ხორვატებმა ოსიმს ბოდიში მოუხადეს: „გვიყვარხარ, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ომია და ხორვატები ვართ“.

თავად ოსიმი ეთნიკურად ხორვატი გახლდათ, მაგრამ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დაბადებულ-გაზრდილი. ცოლად ბოსნიელი გოგონა მოიყვანა… მაგრამ ეს მერე მიაქციეს ყურადღება. მანამდე ყველა იუგოსლავიელი იყო და თავად ოსიმიც ასე თვლიდა: ვარ ი-უ-გო-სლა-ვი-ე-ლი.

გავაგრძელოთ. ხორვატები 1991 წელს  ნაკრებიდან წავიდნენ. მათ მიჰყვა სლოვენიელი სრეჩკო კატანეცი. 1992 წლის მარტში კი ბოსნიელებმაც მიჰბაძეს. სხვანაირად ვერც გამოვიდოდა, რადგან ბოსნიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა… დღე-დღეზე ელოდებოდნენ ბელგრადისგან სარაევოს დაბომბვას.

ვინღა რჩებოდნენ იუგოსლავიის ნაკრებში? მხოლოდ სერბები, ჩერნოგორიელები.

აი, რას ამბობდა მაშინდელი იუგოსლავიის ნაკრების ნახევარმცველი ფარუკ ჰაჯიბეგიჩი: „ივიცა ოსიმი მძიმე დღეში ჩავარდა, მაგრამ იმ დროს ევროპაზე იუგოსლავიის სახელით თამაშის პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ეს ჩემგან არ იქნებოდა სწორი. ხალხი იღუპებოდა, ქალებს აუპატიურებდნენ, ბავშვებს კლავდნენ, სასულიერო პირებს ჩამოხრჩობილს პოულობდნენ. ჩვენ არ გვეგონა, ევროპის ცენტრში მსგავს რამეს თუ დაუშვებდნენ. როცა ნაკრებში ჩავდიოდი, ოსიმის თვალები ყველაფერს გამოხატავდა…“.

ოსიმმა მოგვიანებით ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა «Djetinjstvo u ratu» (ბავშვობა ომში). აი, მაშინდელ პერიოდზე რას იხსენებს: „1992 წლის თებერვალში ნაკრები რომ შევკრიბე, პრესკონფერენციაზე მკითხეს, როგორ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს და საერთოდ, როგორ წარმომედგინა ევროპაზე თამაში. ვპასუხობდი, რომ მანამდე, სანამ იუგოსლავიის დროშა და ჰიმნი იარსებებდა, ნაკრებიც იქნებოდა და შვედეთში ევროპის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით“.

მაგრამ ოსიმი რკინა და უგრძნობი არსება ხომ არ იყო. 1992 წლის აპრილის ბოლოს ნაკრები დატოვა! და დატოვა სრულიად გასაგები მიზეზით: იუგოსლავიის არმიამ ბოსნიის განადგურება დაიწყო, გენოციდი მოაწყვეს. ოსიმის ცოლი და ორი შვილი ნანგრევებში მოჰყვა, ძლივს გადაარჩინეს.

„ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ ისეთი ინტერპრეტაცია მისცეთ, როგორიც გსურთ. არაფრის ახსნას არ ვაპირებ. კარგად იცით, რატომაც მივდივარ! მე იარაღის გამოყენება არ ვიცი და ერთადერთი რაც შემიძლია ჩემი სარაევოსთვის გავაკეთო, ეს იუგოსლავიის ნაკრებიდან წასვლაა. მე სარაევოში დავიბადე“.

ოსიმის ნაცვლად ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს ივან ჩაბრინოვიჩი, რომელსაც 21-წლამდელებში ჰქონდა წარმატებები. იუგოსლავიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად იყვნენ სინიშა მიხაილოვიჩი, დრაგან სტოიკოვიჩი, პრედრაგ მიატოვიჩი, ვლადიმირ იუგოვიჩი, დეიან სავიჩევიჩი… ფაქტიურად მესამედი იმ შემადგენლობიდან, რომელმაც შესარჩევი გაიარა.

ოსიმის ნაკრებიდან წასვლას ბევრი გაგებით მოუკიდა, მაგრამ ბევრმა ღალატადაც ჩათვალა. ისევ ოსიმის წიგნიდან:

„მალე მოხდა ის, რამაც ტკივილი მომაყენა. ბავშვების ჯგუფი სკოლიდან მოდიოდა, მათ მასწავლებელი მოჰყვებოდა და ჩემზე მიუთითა: „ნახეთ, ბავშვებო, ის იუგოსლავიის მოღალატეა“. იმ მასწავლებელს შუაზე გავგლეჯდი, მაგრამ პატარების მომერიდა“.

ივიცა ოსიმი გრაცის შტურმში წავიდა და სწორედ მის პერიოდს უკავშირდება კლუბის აღმასვლა. ოსიმმა 1998 წელს შტურმი ისტორიაში პირველად გახადა ავსტრიის ჩემპიონი… და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც შეიყვანა. მანამდე საერთოდ არაფრით გამორჩეული კლუბი.

და საინტერესოა, რომ 1 მაისს შტურმის დაარსების დღე იყო და ოსიმი სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა.

გრაცის შტურმი კი ქართველებისთვისაც ნაცნობი კლუბია. სხვადასხვა დროს თბილისის დინამო და ზესტაფონი გამოთიშა ევროტურნირებიდან. შტურმში ოთარ კიტეიშვილი თამაშობს და ადრეც არაერთი ქართველი ყოფილა: დავით მუჯირი, გიორგი შაშიაშვილი, ილია კანდელაკი, გიორგი ფოფხაძე.

მეტიც, ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მუჯირი სწორედ ოსიმის მწვრთნელობისას გადავიდა შტურმში. ერთი სეზონი იყვნენ ერთად.

ივიცა ოსიმი ბოლო წლებში სწორედ გრაცში ცხოვრობდა…