ყველამ ისწავლა თამაში

ილია ბაბუნაშვილი ყველამ ისწავლა თამაში
14:31 / 1 ივნ 2022

იყო დრო, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია არ არსებობდა. ის სოციალისტური იუგოსლავის ნაწილი იყო და ფეხბურთში ვერ ბრწყინავდა. ბულგარეთის კლუბები მეტოქეებად არ მიგვაჩნდა, გიბრალტარს კი უბრალოდ ვერ შევხვდებოდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ფეხბურთის ფედერაცია ჰყავს, უეფამ წევრად მხოლოდ 2013 წელს მიიღო. ეს იმ დროს მოგახსენებთ, როდესაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა ფეხბურთის ნაწილი იყო და მართალია ნაკრები არ გვყავდა, მაგრამ საკლუბო დონეზე გუნდითაც ვამაყობდით და ვარსკვლავებითაც. აქ ვარსკვლავების ნაცვლად შემეძლო დამეწერა სიტყვა ფეხბურთელები, მაგრამ არა — ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვარსკვლავები გვყავდა, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები.

მერე გავიდა დრო. საბჭოთა კავშირი დაიშალა. ქართველებმა ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთი (და სხვა დარგები) გაგვევითარებინა, ძირითადად ერთმანეთში ვიომეთ, ტრამვაის რელსები და საკანალიზაციო ჭების ლუკები თურქეთში გავიტანეთ, ხარისხიანის ნაცვლად ერთმანეთს საფურაჟე ხორბლისგან გამომცხვარი პური ვაჭამეთ და ბოლოს ფარერების კლასვიკთან 1:6 წავაგეთ.

Image 4

წლეულს, 25 მარტს, საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი ჰქონდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან. ეს შეხვედრა იქ, ბოსნიაში ჩატარდა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დამთავრდა. თამაშის შემდეგ, დამარცხებული მოწინააღმდეგის ვეტერანმა ედინ ჯეკომ ასე ბრძანა: „არც კი ვიცი რა ვთქვა. დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება“.

მართალი ხარ, ჩემო ედინ. დღეს ფეხბურთს უკვე ყველა თამაშობთ, მაგრამ ამ ოხერ-ტაილს ყველა რომ სწავლობდა, ჩვენ რატომ ვივიწყებდით, ეს ვერ გამიგია. თუმცა, ბოლო დროს ჩვენი ნაკრები ცოტა გონს მოეგო და ვინ იცის, იქნებ შემოტრიალების წერტილთან ვდგევართ, მეთქი. ხომ იცი, იმედი ოხერია. აქა-იქ ბიჭებიც გამოჩდნენ. მართალია, კარგი ნაკრების შექმნას ორი-სამი ბიჭი არ ეყოფა, გაცილებით დიდი ჯგუფი სჭირდება, მაგრამ თუ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლა ახალი ეპოქა იწყება, იქნებ ეს ჯგუფიც გამოჩნდეს.

თან, ერთა ლიგაც საჩვენო შეჯიბრება ჩანს. D დონეზე კარგად გამოვედით, იქიდან კინაღამ ევროპის ჩემპიონატზე ამოვყავით თავი. C დონეზე ბოლოს აგვერია თავ-გზა, თორემ იქაც შეიძლებოდა წარმატებით გამოსვლა. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ეშხით ისეთი რაღაცები ვაკეთეთ, რომ პირველზე ომგადახდილი სომხეთი გავიდა. თან, მაკედონიელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გამოგვგლიჯეს ხელიდან და ჩვენღა დავრჩით გულგატეხილები, მაგრამ ეგ არაფერი. აგერ, იწყება ახალი გათამაშება და ჰა ბურთი, ჰა მოედანი. კოვიდიც აღარ არის, გადამწყვეტ შეხვედრაში გულშემატკივარს სტადიონის კარი რომ ჩაუკეტონ. გახსოვთ? ფინალში(!), ტრიბუნებზე მხოლოდ აცრილი და დატესტილი გულშემატკივარიც კი არ შეუშვეს.

Image 49

მოკლედ, მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი. თავიდან ვიწყებთ. ვიწყებთ გიბრალტარით, რომელიც — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და ჯეკოს აზრით თამაში ყველამ ისწავლა — უნდა დავამარცხოთ. ოღონდ, ცხადია ოფლის გამოდენის და სერიოზული მიდგომის გარეშე ეს საქმე არ გამოვა.

მერე, 5 ივნისს მივდივართ ბულგარეთში, ძალიან ამბიციურ ნაკრებთან, რომელიც იმედია მოედანზე იოლი გასეირნების იმედით გამოვა და ცუდად ითამაშებს; 9 ივნისს ვესტუმრებით ჩრდილოეთ მაკედონიას. ის ჩვენთან, არანაირ გასეირნებას არ ელის და ძალ-ღონესაც არ დაზოგავს. ამასთან, პრეტენზია ექნება, რომ გვჯობია და უნდა მოგვიგოს; ბოლოს კი, 12 ივნისს, ბულგარელები ჩამოვლენ და… თუ ბიჭი ხარ გაიგე რა მოხდება.

მოკლედ, სერიოზული ამოცანის წინაშე ვდგავართ. საქართველოს ნაკრებს ათ დღეში ოთხი თამაში არასდროს ჩაუტარებია, მაგრამ საშიში არაფერია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და რაც მოსახდენია, მოხდეს!

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა