ბრავო, კვარა! ეს რა დონის ფეხბურთელი ხარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედევრი თუ არ შექმენი, ნეაპოლშიც და საქართველოშიც გულშემატკივარი გულნაკლულია. ის კი არა, თავადაც გულნაკლული ხარ — აინტრახტთან თამაშის ბოლოს, შენი გამომეტყველება და ჟესტიკულაცია ამას მიუთითებდა. გესმის ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული თამასა არანორმალურ სიმაღლეზე გაქვს აწეული. კარგ თამაშად მხოლოდ შედევრს გითვლიან. მე როგორც ვხვდები, თავადაც ასე ფიქრობ და ეს თან დიდებულია, თანაც სახიფათო.
ყოველ დღე შედევრს ვერავინ შექმნის. შეხვედრის მეორე დილით იტალიურ საიტებზე შევიხედე და ვნახე, რომ იმას, რაც ფრანკფურტელებთან გააკეთე, უფრო ჩავარდნად გითვლიან, ვიდრე წარმატებად. კეთილი, პირველ ეპიზოდში ბურთი მართლა მოგეჭრა, მაგრამ დანარჩენი მომენტები? ვიცი, გოლი არ გაგიტანია, მაგრამ მოდი ერთი ლოთიანად, ისიც ვთქვათ, სანამ ოსიმენი ანგარიშს გახსნიდა, შენ გარდა ვინ უსხლტებოდა გერმანული გუნდის დაცვას? ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელიო, იმას ჰგავს ეს ყველაფერი. ამ შეხვედრაში სამი მომენტი გქონდა და სამივეჯერ მეკარემ გაიგიჟა თავი. საერთოდ, მაგ ტრაპს, მგონი ეგონა, რომ მეოთხედფინალში მარტო კვარაცხელიას ეთამაშებოდა. პირველ შეხვედრაშიც მაინცდამაინც შენი დარტყმულები მოიგერია (პენალტის ჩათვლით) და მეორეშიც. ალბათ ახლაც უხარია, ხვიჩას არ გავატანინეო, ოქმში კი ორი შეხვედრის ჯამში 0:5 უწერია — ფეხბურთი კოლექტიური თამაშია.
ჰო, პირველი გოლი. ვიქტორ ოსიმენი დიდებული თავდამსხმელია. კომბინაციის თვალსაზრისით ყველაფერი უმარტივესი იყო: პოლიტანომ ჩააწოდა, ნიგერიელი სადღაც თვითმფრინავებთან ახტა და ტექნიკურად უბადლო თავური დაარტყა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ვარსკვლავი თამაშის ბედს ერთი ეპიზოდით წყვეტს. ოსიმენი კი ვარსკვლავია. ზუსტად ასე იყო რამდენიმე დღის წინ ატალანტასთან, ყველაფერი თითქოს გმირთა მოედნის საცობში გაიჭედა, მაგრამ მიიღო ბურთი ხვიჩა-ვარსკვლავმა, მეტოქის კარისკენ თავი დაადო და „რვაკაცა“ შეაგდო. ოღონდ, ახლა ნურავინ მეტყვის, რომ ის ატალანტა იყო, ეს კი აინტრახტიაო. ოქმში 5:0 წერია და რაც გინდა ის დაუძახე. ორი თამაშის ჯამში ნაპოლიმ ატალანტას 5:0 კი ვერ მოუგო — 4:1 იყო. და საერთოდ, აინტრახტი სერია A-ში რომ გამოდიოდეს, ნაპოლიზე წინ იქნებოდა?
ერთადერთი, რაც უნდა ვაღიაროთ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაში მართლა ატალანტა რომ შეგხვდეს, ოღონდ სახელი გამოუცვალონ, უფრო ინერვიულებ, რადგან შეჯიბრებას ჩემპიონთა ლიგა ჰქვია.
და კიდევ, აინტრახტთან შეხვედრაში ხვიჩამ მე პირადად პასებით გამახარა. ამ ბიჭს უფრო ფართე დიაპაზონის ფეხბურთელად მივიჩნევ, ვიდრე მხოლოდ მარცხენა გარემარბია და მან ეს კიდევ ერთხელ დამანახა. ოსიმენის მეორე გოლიც მისი შესანიშნავი გადაცემით დაიწყო.
პენალტი კი კარგი ქნა რომ არ დაარტყა. იმიტომ კი არა, რომ ვერ გაიტანდა. იმიტომ, რომ ტრაპის გადამკიდე დარტყმამდე მე გული გამისკდებოდა.