ჭაბურღილის ფეხბურთი

ილია ბაბუნაშვილი ჭაბურღილის ფეხბურთი
12:29 / 16 სექ 2021

კითხვა, რომელსაც ახლა დავსვამ ერთი შეხედვით არასერიოზულია, მაგრამ მაინც გავბედავ: აბა, რით ჰგვანან ქართველი ფეხბურთელები მენავთობეთა ბურღს. მართალია, ორივენი ერთ ადგილას, საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებენ. განსხვავება ისაა, რომ ენერგეტიკაში ამ ტრიალს ნავთობის მოპოვება ჰქვია, ქართულ ფეხბურთში კი „მატაობა“.

და რას შვრებიან ამ დროს უცხოელი ფეხბურთელები? ბურთს რომ მიიღებენ ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა შეხებით მიიტანონ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან და თუ ვინმეს ცრუმოძრაობის ნიჭი მოსძალებია იქ, მოედნის ბოლო მესამედზე ამჟღავნებს.

ჭაბურღილი Archives | EnergyNews

მოკლედ, ვერა და ვერ ვივიწყებ საქართველოს ნაკრების სექტემბრის სამ კატასტროფულ შეხვედრას. შოკირებული ვიხსენებ და მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ჩვენები ნავთობის ბურღივით ადგილზე იმიტომ ტრიალებენ, რომ თანაგუნდელები არ ეხსნებიან. ტრიალებენ საბრალონი და იმედი აქვთ, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაეხმარება, ვინმეს პასს გადააწოდებენ. შემდეგ, ის „ვინმე“ იწყებს თავის წილ სამ კაცში ტრიალს და ასე, წვალებ-წვალებით ვცდილობთ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოებას.

უცხოელები კი მიიღებენ ბურთს, ერთი შეხებით გაისწორებენ, გადააწოდებენ და… თუმცა, ეს უკვე ვთქვით.

უცხოელები ერთმანეთს ეხსნებიან, ქართველები — არა.

რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ასეთია: მწვრთნელმა არ დაავალა.

და მწვრთნელი ვინ არის? მწვრთნელი ხან ექტორ რაულ კუპერია, ხან კლაუს ტოპმიოლერი, ხანაც ალან ჟირესი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმერ ვაისი, ვილი სანიოლი… და გამოდის, რომ აი, ამათ არ უთხრეს ფეხბურთელებს ერთმანეთს გაეხსენითო? გჯერათ?

ესპანეთი 4:0 საქართველო

მე უფრო სხვა რამ მგონია. ვფიქრობ, მათ ფეხბურთელებს ეს არათუ უთხრეს, არამედ ვარჯიშზე რამდენიმე ვარიანტიც გააკეთებინეს კიდეც; სულ მცირე დაუხაზეს მაინც.

მაშ, რაშია საქმე? რაში და ბიჭები აკეთებენ იმას, რასაც ბავშვობიდან მიეჩვივნენ. ეს ახსნა უფრო ლოგიკური მეჩვენება. სხვა სიტყვებით, ჩვენები ბურთთან უცხოდ არ არიან, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის თამაში არ იციან.

იმ ფეხბურთელებს, რომელთაც უცხოეთში წლები გაატარეს ეს სავარაუდოდ ნაკლებად ეხება, მაგრამ იმ ავადსახსენებელ სამ თამაშში ბევრ მათგანზე თქვეს პრაქტიკა აკლდათო და კოსოვოს, ესპანეთს და ბულგარეთს საქართველოს ჩემპიონატის პრაქტიკაგავლილები გაუყვანეს დიდი რაოდენობით.

არის კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს და შენ უნდა წაართვა. თუ არ წაართვი, სულ იმას ექნება და ბოლოს და ბოლოს გაგიტანს, ხომ ასეა? ბევრი დიდი მწვრთნელის ინტერვიუში წამიკითხავს, რომ გუნდის კეთება სწორედ დაცვის დაყენებით იწყება. ბარსელონა რომ ხარ და თვით ჩავი, ინიესტა და მესი გყავს, ის ბურთი უნდა მოიპოვო, თორემ ტიკი-ტაკას ვერ ითამაშებ. გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ბარსა, როდესაც ბურთს კარგავდა. თუ მხოლოდ მისი შეტევების ყურებით ვიყავით მოჯადოებული, მაშინ იუთუბი და მისი ჯანი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბურთის წართმევის ისეთი აგრესიული ხერხი, როგორიც არის მაღალი პრესინგი სწორედ ამ პერიოდში გახდა განსაკუთრებით პოპულარული და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმდევარი გვარდიოლას ბარსელონა იყო.

და ჩვენები? ჩვენები დაცვაში უფრო „ანტრე ბატონოს“ ტაქტიკას მიმართავენ. ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია ანგარიშებს ჩავხედოთ. თუმცა, ერთ ბლოგში ყველაფერს ფართოდ ვერ გავშლით და ამიტომ ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც ზემოთ უკვე ვთქვით: ბიჭები აკეთებენ იმას, რაც იციან. რაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი.

აქედან დასკვნა: თავიდან ბოლომდე გადასახედია ბავშვთა ფეხბურთი. დასაწერი და ხორცშესასხმელია ფეხბურთის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა, რათა ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გუნდები მოედანზე რომ გავლენ, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშონ. ძვალსა და რბილში პატარაობიდან ეს ჰქონდეთ გამჯდარი და იმიტომ.

პროგრამის დაწერა და ხორცშესხმა კი ფეხბურთის ფედერაციის ვალდებულებაა.

Image 15

ვიცი, ძნელი საქმეა. ბევრი ქვეყნის მაგალითის შესწავლა, ანალიზი და ქართულ რეალობასთან შედარება იქნება საჭირო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ახალი თაობების აღზრდამდე ნაკრებმა რა ქნას, წააგოსო — იკითხავს ვინმე.

რა გითხრათ, აბა. ფაქტია, ნაკრებს თავისი წილი შრომა სჭირდება და ესეც ფედერაციის გასაკეთებელია. ჰოდა, იქნებ არც წააგოს, მითუფრო რომ ბოლოხანს ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფი მართლა გამოკვეთა.

მაგრამ მთავარი მაინც მომავალი თაობების აღზრდაა.

ჭაბურღილის ტაქტიკა ოდესმე ხომ უნდა მოვიშოროთ თავიდან.