ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ფეხბურთელებს?!

ილია ბაბუნაშვილი ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ფეხბურთელებს?!
17:28 / 16 ივნ 2022

მაისის ბოლო დღე იყო ეროვნულ სტადიონს რომ ჩავუარე და მოწყენილი მოლარე დავინახე. შემეცოდა. საწყალი ალბათ მთელი დღე როგორ იტანჯება, უქმად ჯდომა რა საშინელებაა-მეთქი, გავიფიქრე. გავიდა ათი დღე და იმავე სალაროსთან ისევ ნაშუადღევს მომიხდა ჩავლა. თვალებს არ დავუჯერე: საბრალო მოლარეს მილეთის ხალხი ესეოდა.

შეგრძნების მიხედვით თუ შევაფასებთ, 2022 წლის 2-12 ივნისს საქართველოში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. დაბრუნდა რაც გვენატრებოდა: ღელვა, განცდა, ქომაგობა. რასაკვირველია, ის რაც მოედანზე ხდებოდა დიდი ფეხბურთი არ იყო და ერთა ლიგის C დონეზე ასეთი რამ ვერც იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგან მთავარი ტენდენციაა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოუგო გიბრალტარს, ბულგარეთსა და მაკედონიას — თან ამ ორს სტუმრად — და გაჩნდა იმედი.

Image 20

ბოლო თამაში, ისევ ბულგარეთთან იყო. შინ. მოლარეს მილეთის ხალხი ესეოდა, სოციალურ ქსელებში კი ემოციებს აყოლილი მავანი წერდა, ბულგარეთი კი არა, იტალიაც გვიფრთხილდესო. იყო ასეთი განწყობა, თავს ნუ მოვიტყუებთ.

იმ საღამოს ბულგარეთის ნაკრებს თბილისში ავარია შეემთხვა, ერთი ფეხბურთელი თავის ქალის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოყვა, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ბოლოხანს ისედაც დასუსტებული სტუმართა გუნდი დაიზაფრა. თამაშის წინ მისი მწვრთნელი ამბობდა, 48 საათია არ გვძინებიაო და… შეხვედრა 0:0 დამთავრდა. ბულგარეთის გუნდი მართლა ავტობუსივით დადგა კარის წინ; თავს იცავდა, შეტევაზე არც უფიქრია. ჩვენები კი დაღლილები მეჩვენნენ. ხუმრობა ხომ არ არის, 2-ში თამაში, 5-ში თამაში, 9-ში თამაში და 12-ში კიდევ ბრძოლა. თან მოწინააღმდეგესთან, რომელსაც თავისმა ცუდმა შედეგებმა თავმოყვარეობა შეულახა და მეტი წაგება აღარ უნდა. მწვრთნელიც ახალი ჰყავს. პლუს, გადაფრინდი-გადმოფრინდი.

ბულგარეთთან მომენტები მაინც გვქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ შევიდა. ხან მეკარემ იყოჩა, ხან ავტობუსს მოხვდა. ხდება. მითუმეტეს, როდესაც უეფამ ფეხბურთელების გადაღლის უნიკალურ ხერხს მიაგნო: ათ დღეში ოთხი თამაში. სიდნი პოლაკის ძველი და მაგარი ფილმი გამახსენდა — „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“.

Image 22

საქართველოს ნაკრებმა ოთხ თამაშში ათი ქულა მოაგროვა და სავსე ტრიბუნებმა დამაშვრალ ბიჭებს ტაში დაუკრა. ეს მოხდა იმ თამაშის შემდეგ, რომელშიც ყველას გამარჯვება გვინდოდა და რომ ვერ მოვიგეთ გული დაგვწყდა. არცთუ შორეულ წარსულში როდესაც გული გვწყდებოდა, ვიღაცები ტრიბუნიდან კოკა-კოლას ბოთლებს ისროდნენ, მაგრამ აკი ვთქვით, რომ ყველაფერი ტენდენციაზეა დამოკიდებული. მათ შორის ისიც, კოკა-კოლას დალევ თუ ისვრი. სხვისი არ ვიცი და პირადად მე ოთხ თამაშში ათ ქულაზე ვერ ვიოცნებებდი, თან ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. კაცმა რომ თქვას, არც მიფიქრია რამდენ ქულას ველოდი, მაგრამ რომ მეფიქრა მაინც ათზე ნაკლები გამოვიდოდა.

 

ერთი სიტყვით, საგაზაფხულო სესიაზე ყველაფერი ჩინებულად აგვეწყო. ვილი სანიოლმა კარგი გეგმები დასახა (დეტალებზე აქ ნუ ვილაპარაკებთ), ბიჭებმა მოინდომეს, ფორმაშიც იყვნენ, იღბალმა გაგვიღიმა, პრინციპში მეტოქეებმაც გაგვიღიმეს და მეტი რა არის გამარჯვებისთვის საჭირო?!

Image 33

დეტალებზე აქ ნუ ვილაპარაკებთ-მეთქი რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ალბათ ცოტა ასე ჯობდა, ცოტაც ისე. მაგრამ ეს ამ ერთი ამოსუნთქვით დაწერილ ბლოგში გასარჩევი არ არის. აქ ის უნდა ვთქვათ, რომ დაგვრჩა ორი თამაში, რომელთაგან პირველში, 23 სექტემბერს, შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ უნდა გავპარტახდეთ. მერე კი, 26-ში გიბრალტარში უნდა მოვიგოთ.

ერთი წუთით!  ჩრდილოეთ მაკედონიასთან რატომ უნდა გავპარტახდეთ? ისე, რომ იცოდეთ, მაკედონიელები ამბობენ, რა კარგია საქართველო ბულგარეთთან ფრედ რომ ითამაშა, ახლა ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშიაო ანუ ეტყობა გაპარტახებას გვიპირებენ, მაგრამ…

როგორც 1980-იანი წლების ბოლოს მიტინგებზე უყვარდათ თქმა, იმდენი მაგათ გვერდები არ აუდგეთ.