ხუთი მაისი

ილია ბაბუნაშვილი ხუთი მაისი
17:45 / 5 მაი 2022

სად ვიყავი 1981 წლის 5 მაისს? (ხშირად მესმის, 13 მაისით ნუ შეგვჭამეთო და ვიფიქრე, რაკი ბლოგის დღე უწევს, 5 მაისზე დავწერ, მეთქი). ერთი ფაქტია, ჭკუაზე არ ვიყავი, 13 მაისს ველოდებოდი. ნეტავ, კიდევ განმაცდევინოს ღმერთმა ისეთივე მოლოდინი. ნეტავ კიდევ დამაკარგვინოს ჭკუა.  წარმოიდგინეთ აბიტურიენტი სკოლას ამთავრებს, კარს გამოსაშვები გამოცდები მოსდგომია (მაშინ ატესტატის ქულას მნიშვნელობა ჰქონდა),  ინსტიტუტში აბარებს, კერძო მასწავლებლებთან დადის და ეს ყველაფერი ჩირად არ უღირს.

აბა, იქნებ ინტერნეტი დამეხმაროს. ვკითხავ რა დღე იყო 81-ის 5 მაისი… სამშაბათი ყოფილა. ესე იგი დილით სკოლაში, მერე კი სამტრედიის ქუჩაზე, ფიზიკაზე ვიქნებოდი. მოკლედ, საინტერესო არაფერი…

უი, მართლა. ახლახან ერთი ძალიან კარგი ფეისბუქ-გვერდიდან გავიგე: იმ დღეს, 5 მაისს, საბჭოთა კავშირის ნაკრები გერმანიაში ჰამბურგს შეხვედრია. ნაკრები კლუბს… აი, დღეს გიორგი ჩაკვეტაძე რომ თამაშობს, იმას. ოღონდ ეს ჰამბურგი მაშინ მაგარი გუნდი იყო. შემდეგ სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონთა თასი მოიგო.

5 მაისი | ფაქტები-ge

ჰოდა, ნაკრები გერმანიაში ჰამბურგს შეხვედრია და იმ ნაძირალა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას, ჩივაძე და ყიფიანი წაუყვანია. ორივე თავიდან ბოლომდე  უთამაშებია. წარმოგიდგენიათ? ცამეტში თასების თასის ფინალია და ესენი დინამოს ორ წამყვან ფეხბურთელს ხუთში გერმანიაში შეუცვლელად ათამაშებენ. რვაში კიდევ ჩემპიონატის მატჩი იყო დნეპრთან, თბილისში.

რა ჰამბურგი აუტყდათ? თურმე, ნუ იტყვით და უელსთან შესარჩევისთვის ემზადებოდნენ. დაიჯერე ამის მერე, რომ მოსკოვში ვინმეს ქართული გუნდის გამარჯვება უნდოდა. ხომ მათი რესპუბლიკა იყო; დაპყრობილი ჰყავდათ, შეჭმული, დაღეჭილი, დახვრეტილი, მაგრამ მაინც შურდათ. გულზე სკდებოდნენ. თბილისის გუნდს შეიძლებოდა ევროპული თასი მოეგო, მოსკოვის და ლენინგრადის (სანკტ პეტერბურგის) გუნდები კი ხახამშრალები რჩებოდნენ. აბა, სხვა როგორ ავხსნა ასეთ სულელურ შეხვედრაში (თან, უელსთან თამაშამდე მთელი 25 დღით ადრე) ყიფიანის და ჩივაძის ოთხი ათასი კილომეტრის იქით წაყვანა?

ესეც შენ 5 მაისი. მე სად ვიყავი არ ვიცი, მაგრამ თურმე რა ამბები ხდებოდა.

არა, ისე, მაინც რა ხდებოდა ქალაქში… კაცები, ქალები, დიდები, პატარები, ყველანი 13 მაისზე ლაპარაკობდნენ. მახსოვს, ჩვენთან სახლში სტუმრები იყვნენ, თორმეტფურცლიანი რვეული მომატანინეს და ყველამ, ქალმა თუ კაცმა, გულშემატკივარი იყო თუ არა, თავისი პროგნოზი ჩამოწერა. ხუთშიც ასეთი ამბავი იყო, ექვსშიც, შვიდშიც და სხვა დღეებშიც. გაზაფხული იდგა, თბილისი ყვაოდა.

ჰოდა, რაკი ბევრს 13 მაისზე ლაპარაკი მობეზრდა, აგერ მეც ხუთი გავიხსენე.

P.S. იმ დღეს, ინგლისურ პრესაში მანჩესტერ იუნაიტედის პრობლემებზე ვკითხულობდი და იქ ეწერა, ამ გუნდის მთავარი უბედურება წარსულში ჩარჩენააო. სხედან და თავისი დიდი წარსულით ტკბებიანო. ჰგონიათ, რომ რაკი მანჩესტერ იუნაიტედი ჰქვიათ, ყველაფერი იციანო.

ისე, მართალია, დიდი წარსული ძლიერი აწმყოს და ნათელი მომავლის გარანტია არ არის, მაგრამ მეორე მხრივ მგონი ჯობს მუდამ გახსოვდეს „ვისი გორისა ხარ“. საქმე ის არის, რომ რაკი წინა თაობებმა შეძლეს, ახლებიც შეძლებენ.

ეჭვი არ არის, კიდევ დადგება 13 მაისი. ხუთიც, რასაკვირველია.