14 დღე… სადაა მოლოდინი?

ილია ნანობაშვილი 14 დღე… სადაა მოლოდინი?
13:23 / 6 ნოე 2022

ხალხი იმ დროს შვებულების აღებაზე ერთმანეთს ასწრებდა; ახალ ტელევიზორს ყიდულობდა; წინასწარ გეგმავდა, რომელ დღეს სად ენახათ თამაშები.

დრო შეიცვალა, ახლა წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, ცხოვრებაა სხვანაირი… მაგრამ მარტო ეს არაა მიზეზი.

14 დღე, 2 კვირა – მსოფლიო ჩემპიონატი სადაცაა დაიწყება და გრძნობთ მოლოდინს? ჯერ ისევ საკლუბო ფეხბურთს მიაქვს ყველაფერი, ნიუკასლს პულიშიჩი სურს, ასენსიო ახალ კონტრაქტთან ახლოსაა… არადა, რა დროს ესაა, მსოფლიო იწყება. უცნაურია.

არავინ იცის როგორი ტურნირი იქნება, მაგრამ გამქრალია მთავარი – მოლოდინი, მსოფლიო ჩემპიონატისადმი შიმშილის გრძნობა. დარწმუნებული ვარ, შედარებით უფროსი თაობა უფრო გრძნობს ამ ყველაფერს და ხვდება; ისინი, რომლებსაც გამოცდილი აქვთ ეს მოლოდინი და რომლებსაც სულ სხვანაირად უხაროდათ იმ ზაფხულის მოსვლა.

არადა სამი კვირით ადრე წყდებოდა საკლუბო თამაშები; იწყებოდა მსოფლიოსთვის მზადება. ახლა კი რა ხდება: 14 დღე დარჩა, ამ დროს კი ლიგებში ორი ტურია ჩასატარებელი. ანეგდოტია.

ამ შემჭიდროებულმა კალენდარმა კი ტრავმებიც მოამატა – უმეტესად, კუნთების, გადაღლილობის გამო… ამაზე კევინ დე ბრუინმა თქვა, მაგრამ ისიც აღნიშნა, ფიფასთვის და უეფასთვის ჩვენ ადამიანები არ ვართ, ფეხბურთელებს უსულო საგნებივით გვექცევიანო.

იმედია, დაიწყება ყატარში თამაშები და ფეხბურთით ვიცხოვრებთ.