18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული

ილია ნანობაშვილი 18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული
17:55 / 18 აგვ 2022

 

18 აგვისტოა. არის დღეები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება: პირველი მატჩი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დინამოს სტადიონი, 50 000 მაყურებელი და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.. დინამო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს ხვდებოდა.

რატომ 12:1 არა?!

2:1 დასრულდა, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არალოგიკური ანგარიში. 12:1, 13:1, 14:1 – სრულიად შესაძლებელი თამაშიდან გამომდინარე. ვისაც ახსოვს დაგვეთანხმება: დინამო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ლინფილდის მეკარე ვესლი ლემონტი ვეფხვივით დახტოდა.

არადა, ლემონტი კარიერით ტოპ-მეკარეობისგან შორს იდგა. ტოპ კი არა, საშუალო დონესაც ვერ ქაჩავდა. ჩრდილოირლანდიურ კლუბებს არ გასცდენია… მაგრამ იმ დღეს ვერ აღვწერთ, შმაიხელი და ტაფარელი ერთად აღებული.

მსაჯობას რაც შეეხება, ერმან თოროღლუმ ორი საეჭვო პენალტი არ დანიშნა… რა თქმა უნდა, ლინფილდის კარში, აბა, დინამოს საჯარიმოში ჩრდილოელები გოლის გარდა მგონი არც შემოსულან. თოროღლუს დავუბრუნდებით.

გივი ნოდიას გაწვრთნილმა დინამომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ზოიძე – ნემსაძე, შელია, ლობჟანიძე – ინალიშვილი – რ.არველაძე, ჯამარაული, ქინქლაძე, ყაველაშვილი (ანჩაბაძე 81) – ა.არველაძე, შ.არველაძე

სათადარიგოები: ჩხეიძე, ბერაძე, ქველაძე, ჩიქოვანი

ტაქტიკა: ყველა წინ!

ძალიან ლამაზად თამაშობდა იმ წლების დინამო. სიამოვნება იყო… თბილისშიც და სტუმრადაც დინამომ 3-1-4-2 სქემით ითამაშა, მაგრამ სინამდვილეში ტაქტიკა კიდევ უფრო შემტევი იყო, ვიდრე ეს ციფრები გამოხატავდა.

მხოლოდ ორი ნომინალური მცველი (ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია)!.. მხოლოდ ორი! გიორგი ნემსაძე მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო გელა ინალიშვილი საყრდენად. არადა, ნემსაძე ზოგადად ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი გახლდათ, ხოლო ინალიშვილი – შემტევი სტილის ნახევარმცველი.

მოკლედ, ზე-შემტევი გუნდი იყო ზე-შემტევი შემადგენლობით. 10-დან 7 და ზოგჯერ 8 წინ, დიდი ძალებით.

იმპროვიზაცია. შუაში გიორგი ქინქლაძე და გოჩა ჯამარაული ბურთს ამღერებდნენ. ნაირნაირ კომბინაციას ხლართავდნენ. მოკლედ, კარგი საყურებელი იყო.

თოროღლუ

საპასუხოში, დინამომ ჩრდილოეთ ირლანდიაში 1:1 ითამაშა და გავიდა. უნდა შეხვედროდა დანიის კოპენჰაგენს და თუ ამ ბარიერსაც გადალახავდა, მერე – მილანს!.. და რა მილანი იყო – სულ ჩემპიონთა თასის ფინალებში. მომდევნო სეზონში მოიგო ლიგა.

მაგრამ ვინ მიგიშვა კოპენჰაგენამდე? ლინფილდთან საპასუხო მატჩამდე ხმები გამოვიდა და მერე დადასტურდა: დინამო 18 აგვისტოს მატჩის ჩაწყობის მცდელობისთვის მოხსნეს ევროტურნირებიდან. ჯერ ორი წლით, მერე კი ერთი წლით შეუმცირეს.

ეს ყველაფერი თურქი მსაჯის, ერმან თოროღლუს პატაკის შემდეგ. თოროღლუ მსაჯობდა თბილისში. მოგვიანებით მან თურქულ Telegol-ზე ისაუბრა. შემოკლებით დავწერთ, შინაარსს კი ბუნებრივია არ ვცვლით:

„18 აგვისტოს თბილისში თამაშის დღეს ორივე გუნდის მენეჯერთან ერთად ვისადილე. მერე დინამოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მსაჯები სასტუმროსთან მიგვიყვანა მანქანით. ვხედავ, მას კონვერტი უჭირავს, კიდევ ერთ კონვერტს გვაძლევს და რეაგირებასაც ვერ ვასწრებ. თავად სწრაფად დაგვემშვიდობა.

…ჩემი კონვერტი უფრო მსუქანი იყო. გავხსენით და 3000 დოლარი დავთვალე. იმ დროს კი საქართველოში ექიმის ხელფასი 50 დოლარი ყოფილა.

…დელეგატიც იმ სასტუმროში დაბინავდა. ვანახეთ და გაოგნდა. ეს ხდება შუადღით, საღამოს კი მატჩია. ვიმსაჯე პატიოსნად. უეფაში გავაგებინეთ ეს ამბავი, იქ კი მკაცრი რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით დინამო მოხსნეს ჩემპიონთა თასიდან.

…ფრანს ფუტბოლმაც დაწერა ჩემზე, ასეთი მსაჯები თურმე კიდევ არსებობენო. აი, ასეთი ამბები მქონდა 1993 წელს“.