5:0… უელსის დროით დილის 10 საათზე (+video)

ილია ნანობაშვილი 5:0… უელსის დროით დილის 10 საათზე (+video)
15:18 / 16 ნოე 2021

ნისლი, სიცივე, შუადღის ორი საათი… 27 წლის წინ, ზუსტად 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო (იგულისხმება შესარჩევი). თან, როგორ მოიგო: 5:0 უელსთან.

ციოდა და გვახსოვს, რა ხდებოდა ტრიბუნებზე: ხალხს დროებით დაავიწყდა, რომ უმკაცრესი, უშუქო, უგაზო და „კერასინკიანი“ ზამთარი ელოდა. უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ.

მძიმე დღეში ჩავარდა მძიმე მეკარე ნევილ საუთჰოლი, რომელიც უკვე 36 წლის იყო. საუთჰოლი ევერტონის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა, მაგრამ ამხელა კაცს ქართველებმა სულ თავზე უგდეს ბურთები. თემურ ქეცბაიას გოლით დაიწყო. მერე გიორგი ქინქლაძემ, ისევ ქეცბაიამ, გოჩა გოგრიჭიანმა და ბოლოს შოთა არველაძემ.

ერთი, რაც ცუდი მოხდა, ნემსაძემ მიიღო კურიოზული ტრავმა. ქინქლაძის გოლის მერე მუხლებზე გასრიალდა და… მყესი. ნემსაძე მაშინვე შეცვალეს.

რატომ იყო თამაში შუადღის ორ საათზე? ქართულმა მხარემ, კერძოდ, სფფ-ის პრეზიდენტმა სწორად გათვალა. იმ დროს საქართველო-უელსს შორის 4 საათი იყო სხვაობა და წარმოიდგინეთ, უელსელებს მათი დროით ფაქტობრივად დილის 10 საათზე მოუწიათ თამაში.

უელსს ფაქტიურად თბილისში დაეწყო რამდენიმეწლიანი კრიზისი… თბილისში ჩამოსვლამდე ერთი წლით ადრე კინაღამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდეს, ბოლო წუთამდე ჰქონდათ შანსი და რუმინეთთან წააგეს. ჰყავდათ იან რაში, მარკ ჰიუზი, დინ სონდერსი, გარი  სპიდი… ოღონდ აკლდათ იმ დროს უკვე სუპერფეხბურთელი, 21 წლის რაიან გიგზი.

 

საქართველოუელსი 5:0

საქართველოდევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (ინალიშვილი 42), გოგრიჭიანი, ქეცბაია (ყაველაშვილი 76), ქინქლაძე, შოთა არველაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გოლები: 1:0 ქეცბაია (31), 2:0 ქინქლაძე (41), 3:0 ქეცბაია (50), 4:0 გოგრიჭიანი (59), 5:0 შოთა არველაძე (66)