9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე

ილია ნანობაშვილი 9 აპრილი… სტადიონიდან მიტინგზე
21:41 / 9 აპრ 2022

33 წლის წინ. მიტინგები 4 აპრილს დაიწყო… ბავშვობის შთაბეჭდილებები. იმ საღამოს თბილისის დინამო ხარკოვის მეტალისტს მასპინძლობდა და 2:1 მოუგო!.. გოლები კახა კაჭარავამ და აწ გარდაცვლილმა მამუკა ფანცულაიამ გაიტანეს. გადავამოწმე და მეხუთე ტური იყო. წინა 4 თამაშიდან კი დინამოს 4 ფრე ჰქონდა.

გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა. ძველი გვარდიიდან, თასების თასის შემადგენლობიდან, თამაშობდნენ ოთარ გაბელია და ზაურ სვანაძე. ის თაობათა ცვლის რთული პროცესი იყო.

მახსოვს, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი ეროვნულ მოძრაობაზე საუბრობდა და იქიდან ბევრნი სწორედ მიტინგისკენ წავიდნენ. ჩვენც იქით გვქონდა გზა და ძლივს მივაღწიეთ. ჭედვა იყო, რუსთაველის გამზირზე ხალხი ემატებოდა და ემატებოდა.

9 აპრილს კი დინამოს ლენინგრადის ზენიტთან უნდა ეთამაშა თბილისში. თუმცა რა დროს ფეხბურთი იყო?

მაინც არავის გვეგონა, ის ამბები თუ დატრიალდებოდა, ან ბავშვები რადგან ვიყავით, ჩვენამდე არ მოდიოდა ასეთი განგაშის ნიშნები.

იმ დღეს ქართველი ხალხი ერთად იდგა! 9 აპრილის ღამეს გარდაიცვალა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. ტრაგედია, რომელსაც ბევრი გმირი ჰყავდა.

ფოტოზე:

პირველი რიგი: არზიანი, ქეცბაია, ჭედია, ცაავა, გოგიჩაიშვილი

მეორე რიგი: ყიფიანი, აკობია; აფციაური, ცვეიბა, კაჭარავა, ცხადაძე,; ხურცილავა, გუცაევი;

მესამე რიგი: სვანაძე, თეთრაძე, კეტაშვილი, ხაპოვი, თედეევი;

ბოლო რიგი: გაბელია, ჯიშკარიანი