VAR უსულო საგანია

ილია ბაბუნაშვილი VAR უსულო საგანია
14:42 / 9 ნოე 2022

ხვიჩას ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამან საშუალება მომცა „გუშინდელ“, ცხელ, ემოციურ ამბავზე კი არ ვილაპარაკო, არამედ შევეხო თემას, რომელიც კარგა ხანია მაწუხებს. მაწუხებს და მაკვირვებს.

მაგრამ, მაინც ხვიჩათი დავიწყოთ. ფეხბურთზე რასაც გინდა ამბობდე, კვარათი შეგიძლია დაიწყო. ტექნიკაზე გაქვს სათქმელი? ტაქტიკაზე? დრიბლინგზე? დარტყმაზე? პასზე? დაცვაზე? უხეშობაზე? VAR-ზე? გულშემატკივრის სიყვარულზე? დაიწყე ჩვენი ბიჭით და იქ მიხვალ სადაც მიდიოდი. მე ამჯერად VAR-ს მინდა შევეხო.

Liverpool saved from conceding Napoli opener scored by former Coventry and  Stoke loanee Leo Ostigard by VAR marginal offside call after four-minute  delay

გავიხსენოთ კვარას ბოლო თამაში, სადაც, როგორც ამბობენ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მას ზურგი ატკინა. ბიჭის ამბავი მოგეხსენებათ — მეტოქემ ოთხი კაცი რომ მიუჩინოს, თავისას მაინც გააკეთებს. ასე იყო ამ შეხვედრაშიც. ხვიჩამ, რომელსაც თვით კლოპის დამოძღვრილი მერსისაიდელი მგლები დასდევდნენ, ერთი უეჭველი პენალტი აიკიდა და ერთიც საგოლე პასი ჩააწოდა, მაგრამ… VAR-მა თქვა უარი. უფრო სწორად, ის ეპიზოდი, სადაც პენალტი უნდა დანიშნულიყო ელ.ტექნიკით შეიარაღებულმა მსაჯებმა რატომღაც განხილვის ღირსადაც არ მიიჩნიეს, საგოლე პასი კი შეამოწმეს და ახალი, ნახევრადავტომატური, მაღალი გარჩევადობის ტექნოლოგიის გამოყენებით დაასკვნეს, რომ ლეო ოსტიგორს, რომელსაც კვარამ ბურთი ჩააწოდა, ყური ჰქონდა თამაშს გარეთ.

VAR იმიტომ შემოიღეს, რომ ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ ვაგლახ. ცივილიზებულ დუნიაზე შეხვედრა ისე არ ჩაივლის, ვიდეომსაჯის ჩარევამ თამაშის არსი ყირაზე რომ  არ დააყენოს და მისი მთავარი მადლი და ეშხი, შეტევა არ ჩაახშოს. არადა, ფეხბურთის ხალისი და სიხარული შეტევაა. თუ არა და, დადგეს ორივე გუნდი თავისი საჯარიმოს წინ. ნუ შეუტევს. რამდენი ხანი შეინარჩუნებს ეს ჩვენი საყვარელი თამაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახელს, მაგასაც ვნახავთ.

Liverpool saved from conceding Napoli opener scored by former Coventry and  Stoke loanee Leo Ostigard by VAR marginal offside call after four-minute  delay

დროის სვლასთან ერთად წესები ყველა სახეობაში იცვლება, ეს ცხოვრების ლოგიკაა, მაგრამ ნებისმიერი სახეობის მომავალიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რას შეცვლი და ამ ცვლილებით რას გამოიწვევ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თამაშგარე მდგომარეობა რომ არ მოეგონებინათ, რა კოშმარი იქნებოდა. ყველა გუნდი თავდამსხმელების მეტოქის კართან დატოვებას შეეცდებოდა, მეორე გუნდი ამას არ დაუშვებდა, ნახევარ შემადგენლობას იმ თავდამსხმელების გასაჩერებლად თავის კართან დატოვებდა და დაახლოებით იმას მივიღებდით, რაც ზემოთ ვთქვით — დაცვაში გამწკრივებულ ორ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად არ უტევს.

მეორე მხრივ კი, ამ თამაშგარესაც კარგად უნდა გააზრება. ერთხელ, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა თქვა, ოფსაიდის დღევანდელი წესი არ ვარგა, რადგან თუ შემტევ მოთამაშეს ცხვირი გრძელი აქვს, გოლი არ ჩაითვლებაო. ცხვირისა რა მოგახსენოთ და ყური აგერ, ოსტიგორს ჰქონია პარტყუნა.

იქნებ, ფეხებს შეხედონ ანუ თუ თავდამსხმელი და მცველი ერთ ხაზზე დგანან, ხელს, ყურს და წაწვეტებულ ყბას თავი დაანებონ. თავდამსხმელს ტანი ყოველთვის წინ ექნება გაწეული, რადგან ის კარისკენ მიიწევს და მისთვის სხეულის რომელიმე ნაწილის შეტევის მიმართულებით გადახრა ბუნებრივი მდგომარეობაა. ბუნებრიობას კი არ უნდა ვებრძოლოთ.

Napoli Videos | Highlights, Goals & Interviews | BT Sport

და საერთოდ, VAR-ის გამოყენება ჭკუით არის საჭირო, თორემ ელ.ტექნიკის ჭკუაზე თუ ვიარეთ, ყველა კუთხურის დროს ერთდროულად ხუთი პენალტი იქნება დასანიშნი და ხუთიც ჯარიმა, დარტყმა კარიდან.

VAR უსულოა. მან არ იცის, რომ ფეხბურთის ხალისი არ უნდა ჩაკლას. მან იცის, რომ ოსტიგორს ყური ჰქონდა წინ და მორჩა.

ეს იგივეა რაც დანა, რომელიც მაგიდაზე დევს. ისიც უსულო საგანია. შენ შეგიძლია მისი საშუალებით პური მოჭრა და მშიერს მიაწოდო ან ვიღაც მოკლა. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული.