ალკარასის ტრიუმფი მადრიდის მასტერსზე

ალკარასის ტრიუმფი მადრიდის მასტერსზე

ტრიუმფალური გამოდგა მადრიდის საჩოგბურთო მასტერსი 19 წლის კარლოს ალკარასისთვის. თინეიჯერმა ესპანელმა ტურნირის მსვლელობისას ურთულესი ბადე გაიარა და კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო.

null

ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა კარლოსმა პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე წრეში კი 6:3 7:5 სძლია ნიკოლოზ ბასილაშვილს. მესამე რაუნდში ალკარასმა კამერონ ნორის მოუგო 6:4 6:7 6:3, 1/4 ფინალში ლეგენდარულ რაფაელ ნადალს სძლია 6:2 1:6 6:3, ნახევარფინალურ სტადიაზე მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს – 6:7 7:5 7:6, ხოლო ფინალში გაანადგურა მადრიდის მასტერსის ორგზის გამარჯვებული ალექსანდრ ზვერევი 6:3 6:1.

ფინალური მატჩი 64 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კარლოსმა ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარ ჩაწოდებაზე კი ერთხელაც არ მიუშვა გერმანელი  ბრეიკპოინტამდე. ალკარასმა მთელი შეხვედრის განმავლობაში საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ 6 ქულა წააგო (პირველ ჩაწოდებაზე – 27-დან 24 ქულა მოიგო, მეორე ჩაწოდებაზე 11-დან 8), რაც ფენომენალური შედეგია.

ალკარასი ჩოგბურთის ისტორიის განმავლობაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი (19 წლის, 3 დღის), რომელმაც ტურნირის მსვლელობისას ტოპ 5-ის 3 წარმომადგენელი დაამარცხა (N1 ნოვაკ ჯოკოვიჩი, N3 ალექსანდრ ზვერევი, N4 რაფაელ ნადალი).

null

ალკარასს უკანასკნელი 10 მატჩი აქვს მოგებული.

ალკარასმა კარიერაში მეორე მასტერსი მოიგო (მაიამი 2022, მადრიდი 2022).

ალკარასმა მიმდინარე სეზონში მეოთხე, კარიერაში კი მეხუთე ტიტული მოიგო.

ალკარასმა ტოპ 10-ის წარმომადგენლებს უკანასკნელი 7 მატჩი მოუგო (კარიერული ბალანსი 11:6).

ალკარასს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული – 28 (3 მარცხი).

ალკარასს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ტურნირი აქვს მოგებული – 4.

დღეს განახლებული რეიტინგით კარლოსი მსოფლიოს მეექვსე ჩოგანია.

2022 წლის საჩემპიონო რბოლაში კარლოსი მეორე ადგილზე იმყოფება, ჩამორჩება რა 80 ქულით რაფაელ ნადალს.

მცირე ტრავმის გამო ალკარასი რომის მასტერსზე არ იასპარეზებს.