ასათიანი – სიხარულიც, სევდაც

ასათიანი – სიხარულიც, სევდაც

 

ვინ თქვა, რომ დენის გათიშვა ყოველთვის ცუდია? 2002 წლის ოქტომბერში საქართველო რუსეთს მასპინძლობდა, პირველი ტაიმი სრულდებოდა და 0:0 იყო. რომ დავწეროთ, საქართველო უკეთ თამაშობდაო, მოვიტყუებით… მოსაგებისა რაღაც არაფერი ეტყობოდა. მიხეილ მესხზე შუქი ჩაქრა და თამაში ჩაიშალა.

2003 წლის 30 აპრილს გაიმართა და ყველამ იცით, რაც მოხდა: 1:0 იმ ფეხბურთელის გოლით, რომელიც მხოლოდ მეორე თამაშს ატარებდა ნაკრებში და ის პირველიც ამხანაგური იყო. ასე რომ, ოფიციალურებში დებიუტი ჰქონდა.

დღეს იმ ფეხბურთელის დაბადების დღეა: მალხაზ ასათიანი 41 წლის გახდა.

რუსეთთან მოგება სხვა სიხარულია, მაგრამ ეს არ ყოფილა მალხაზის საუკეთესო სანაკრებო მატჩი. აი, რაც მან დანიასთან თბილისში აკეთა, როგორ დაჩრდილა თომას გრავესენი და კრისტიან პოულსენი.

გოლი ხომ გაიტანა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ალენ ჟირესსაც ათქმევინა: ასათიანი ქართველი ზიდანიაო.

ასათა იმ პერიოდის ნაკრებში ალბათ საუკეთესო იყო. მანამდე იყო გოლი ბოლო წუთებზე თურქეთის კარში და 1:1.

კიდევ გავიხსენოთ შოტლანდიასთან შინ მოგებული 2:0. მალხაზი მაგრად დადგა უკან ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად, წინაც მიდიოდა და ზოგადად იმ ტიპის მცველი იყო, რომელიც თამაშს კითხულობდა, ბურთთან მეგობრობდა და პოზიციურად იყო ძლიერი. არა, ორთაბრძოლებშიც მხეცივით იყო, მაგრამ უფრო ელეგანტურად მოთამაშე მცველი გახლდათ.

და წავიდა… 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

პირადად არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასათიანზე ცუდს იტყოდა როგორც პიროვნებაზე. იშვიათია ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში. მაქსიმუმი რაც შეიძლება გესაყვედურა, ასე ადრე რატომ დაანება თავი თამაშს. მოკლედ, ის შემთხვევა, როცა თან სიხარული დატოვა კაცმა, თან სევდაც.

და საფეხბურთო სფეროსაც შეეშვა, ცხოვრობს მეტწილად მშობლიურ ქუთაისში, სადაც ძალიან უყვართ. ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა… და ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, ეჰ, ასათიანი ყველაზე მაგრად გამოგვადგებოდა, იშვიათი ადამიანიაო.

ასათიანი ნახევარმცველი უფრო მეტად მოგვწონდა. და ვინც არ იცის, დავწეროთ, თუ როგორ გადაიქცა ასეთი შემტევი მცველად. ასათიანი მაშინ 22 წლის იყო, მოსკოვის ლოკომოტივში პრაქტიკა აკლდა, ხოლო გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ელოდა ფრანგულ მონაკოსთან… იმ მონაკოსთან, რომელიც ბოლოს ფინალამდე მივიდა, რეალი და ჩელსი გამოთიშა.

და მონაკოსთან მატჩის წინ ლოკოს ორი მცველი გამოაკლდა. ასათიანს შესთავაზეს და მაგრად დადგა. აი, რა თქვა მაშინ მალხაზმა.

„არც გუნდს ჰქონდა არჩევანი და არც მე. კარგად რომ ვერ მეთამაშა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. მაგრამ მწვრთნელს მოეწონა ჩემი თამაში და მეც ნელ-ნელა შევეჩვიე მცველობას“.

თუმცა მალხაზი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ იქ მცველი გახლდათ, ნაკრებში კი ნახევარმცველად აყენებდნენ და ვითომც არაფერი… იოლად ეგუებოდა.