აშკარა სხვაობა… 11-მატჩიანი სერია დასრულდა

აშკარა სხვაობა… 11-მატჩიანი სერია დასრულდა

 

 

საქართველოს ნაკრებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, მაროკოსთან ამხანაგურში წაგება, სუსტი თამაში და ეს გარკვეულწილად გასაგებიც: ხვიჩა კვარაცხელია არ თამაშობდა და ნაკრებს შეტევაში ცეცხლი აკლდა. უფრო სწორად, კი არ აკლდა, არ ჰქონდა…

კვარას გარდა არ იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძეც. და მაინც, უკეთ თამაში მართებდა ნაკრებს.

პირველივე წუთებიდან ჩანდა მაროკოს უპირატესობა ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კი შემოქმედებითში. რა მაგრად ფლობდნენ ბურთს, რა პასებს ხლართავდნენ და ზოგჯერ რა იოლად შემოდიოდნენ დრიბლინგებით საჯარიმოში. ტყუილად კი არ ეძახიან აფრიკის ბრაზილიელებს – ლამაზი მოძრაობები, ძველებური ფეხბურთის ყაიდაზე…

პირველი გოლი ჰაკიმ ზიეჩის გამოზომილ ჩაწოდებას მოჰყვა და ელ ნესირიმ ახლოდან გაიტანა. ქართველთა დაცვა მეკარის ბაქანთან მზად ვერ აღმოჩნდა.

მეორე გოლი ზიეჩმა ტექნიკის ბოლო სიტყვაზე შეასრულა, როცა 55-60 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი გიორგი მამარდაშვილს, ხოლო მესამე გოლი პენალტს მოჰყვა.

ქართველებს 1:0-ზე ჰქონდათ მომენტი და კიდევ ბოლოს, ბერიძეს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მეკარემ აუღო – ცუდად დაარტყა შეცვლაზე შესულმა ქართველმა…

იქნებ რაღაც მხრივ სასარგებლოც იყო ეს წაგება? სჯობს ისევ ამხანაგურში. და კიდევ, გამოჩნდა, რომ საქართველო სულაც არაა ასეთი დაუმარცხებელი ნაკრები. ამას როცა ვწერთ, ნამდვილად არ გვრცხვენია, რადგან იმ მოგებული თამაშების მერეც ვამბობდით, რომ ნაკრებს სისუსტეები საკმაოდ ჰქონდა და არ შეიძლება მხოლოდ სტატისტიკას ვუყუროთ.

სამუშაო ბევრია და აშკარად სასწავლია თამაში ლიდერის გარეშე. გამოჩნდა, რომ ბევრად არის დამოკიდებული გუნდი მასზე. გასაგებია, ეს რაღაც დოზით ასეც იქნება, მაგრამ არა ამხელა დოზით… აბსოლუტურად ყველა კომპონენტში წააგო ნაკრებმა. განსაკუთრებით დაბნეულობა მაშინ ჩანდა, როცა მაროკოელები ცენტრიდან პასს აკეთებდნენ წინ.

უკეთესი თამაშის იმედად.

მაროკო – საქართველო 3:0

გოლები: ელ ნესირი (5), ზიეჩი (29), ბუფალი (72 პენ)