ახალი “ძველი” ჩემპიონები – დალასმა UFC 277-ს უმასპინძლა

15:15 / 31 ივლ 2022
ახალი “ძველი” ჩემპიონები – დალასმა UFC 277-ს უმასპინძლა

UFC-ს მორიგი PPV ივენთი ტექსასში, კერძოდ დალასში გაიმართა. ქარდის კო-მეინი და მეინ ივენთი სატიტულო ორთაბრძოლები გახლდათ. კო-მეინ ივენთზე ბრენდონ მორენო და კაი კარა ფრანსი უმსუბუქესი წონის დროებითი ქამრისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მთავარ ბრძოლაში კი სასწორზე ქალთა სუპერმსუბუქი წონის ქამარი იყო.

ივენთის მთავარმა ბრძოლამ მოლოდინები გაამართლა – ამანდა ნუნეშმა და ჯულიანა პენიამ დასამახსოვრებელი ხუთრაუნდიანი ბრძოლა გვაჩუქეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბრძოლის მანძილზე ნუნეში უპირატესობას ფლობდა, ბრძოლა მაინც საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა – მიზეზი კი მათ პირველ ბრძოლაში შეგვიძლია ვიპოვოთ – იქ პენიამ ბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება ძალიან სწრაფად და მოულოდნელად შეძლო. მსგავსი სცენარი რომ არ განმეორებულიყო, ამანდა საკმაოდ ფრთხილობდა – მიუხედავად ამისა ბრაზილიელმა პენია არაერთხელ დაანოკდაუნა და ფინიშთანაც ახლოს იყო, თუმცა ბრძოლა მაინც მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ნუნეშმა იმარჯვა, ქამარი დაიბრუნა და მოქმედო ორმაგი ჩემპიონის სტატუსიც დაიბრუნა.

რაც შეეხება კო-მეინ ივენთს, აქ უკვე ფინიში ვიხილეთ. მესამე რაუნდის მიწურულს, მორენომ ფრანსი ტანში მიყენებული ფეხის დარტყმით დააფინიშა. ღვიძლში გამოზომილმა დარტყმამ კაი კარა ფრანსი ჩაკეცა და მექსიკელსაც არ გაუჭირდა ბრძოლის ფინიშამდე მიყვანა. უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი ახლა დროებით ქამარს დაეუფლა. ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, დეივისონ ფიგერედო ამოვიდა – ეს კი მისი და მორენოს მეოთხე ბრძოლას ნიშნავს. შეგახსენებთ, მათ შორის გამართულ ტრილოგიაში ანგარიში ფრეა – ერთი მოგება მორენოს, ერთიც ფიგერედოს ხოლო ერთიც ფრე. პირველად, UFC-ს ისტორიაში, 4 ბრძოლიან დაპირისპირებას ვიხილავთ.