ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

საფრანგეთის ქალაქ მეცში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე წარმატებით გადალახა (მოუგო ზიზუ ბერგსს), თუმცა 1/8 ფინალურ ეტაპზე 6:7 3:6 წააგო არტურ რინდერკნახთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მეხუთე გეიმში ნიკას მცირე “ჩავარდნა” დაეწყო, რითაც იდეალურად ისარგებლა ფრანგმა და ბრეიკი შეასრულა. მალე არტურმა საკუთარი ჩაწოდებაც მოიგო და 4:2დაწინაურდა.

ნიკა მეტოქეს ესე მარტივად არ დანებდა – ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი წონასწორობაც აღადგინა 4:4.

მე-12 გეიმში უკვე რინდერკნეხს შეექმნა პრობლემები საკუთარ ჩაწოდებაზე – ბასილაშვილმა თავისი აქტიური ქმედებების შედეგად 2 სეტპოინტი მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ მათი რეალიზება ვერ შეძლო.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც მარათონული გამოდგა – ნიკამ ვერც მესამე და მეოთხე სეტპოინტები გამოიყენა, ფრანგს კი თავისმხრივ 5 შანსი გაუცუდდა. 11:12-ზე ნიკამ ქულა წააგო საკუთარ ჩაწოდებაზე და მასთან ერთად სეტიც 6:7 (11:13).

მეორე პარტიის სტარტი პირველს გავდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და 20 წუთში უკვე 3:3 იყო ანგარიში. მე-7 გეიმში ნიკა ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა ფრანგმა ეს საფრთხე გაანეიტრალა.

მომდევნო გეიმში უკვე “ჯაჭვურმა რეაქციამ” იმუშავა – ვერ გამოყენებული შანსის გამო ბასილაშვილი დაისაჯა – ფრანგმა ბრეიკი “გაახერხა, შემდეგ კი წარმატებით ჩააწოდა მატჩზე 7:6 6:3.

null

მატჩი 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ქართველის ანგარიშზე 4 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა იყო. ბევრად უკეთესად აწვდიდა არტური, რომელმაც 8 ეისი გაისროლა და არცერთი ორმაგი არ დაუშვია.

შეხვედრაში გადამწყვეტი მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტების რეალიზაცია იყო – ნიკამ 4 შანსიდან 3 გააცუდა, რინდერკნახმა კი ორივე ბრეიკპოინტი ბრეიკად აქცია.

მიუხედავად მარცხისა, ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში მაინც ნიკა გახლავთ წინ 2:1.

არტური მეცის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დომინიკ ტიემს და ჰუბერტ ჰურკაჩს შორის გამარჯვებული იქნება.