ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ

ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ

კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას იტალიელი მატეო ბერეტინი და ბრიტანელი ენდი მარეი.

ბერეტინის ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ პაბლო კარენო ბუსტა შეხვდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ძალიან კარგად მოძრაობდა კორტზე და სისწრაფეში აშკარად ჯაბნიდა იტალიელს. პაბლომ თავისი ჭკვიანური ტაქტიკით არაერთხელ ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში მატეო და პატარა ბიჭივით არბენინა ერთი კუთხიდან მეორისკენ.

null

კარენო ბუსტამ მეორე გეიმში 2 ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა ამაზე დიდად არ უნერვიულია – მერვე გეიმში მშრალი ანგარიშით დააბრეიკა ბერეტინი, ხოლო მეცხრე გეიმში სეტი თავის სასარგებლოდ დახურა 6:3.

მეორე პარტიაში ესპანელის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა – პაბლომ მესამე და მეშვიდე გეიმებში კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და საბოლოო გამარჯვება იზეიმა 6:3 6:2.

ტურნირის მეორე წრეში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ესპანელი ჰოლგერ რუნეს დაუპირისპირდება.

null

წარუმატებელი გამოდგა მონრეალის მასტერსი ასევე ენდი მარეისთვისაც. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამერიკელ ტეილორ ფრიცს და 89 წუთში 1:6 3:6 წააგო.

ფრიცმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ძალიან კარგად აწვდიდა და მეტოქეს არანაირ შანსს არ უტოვებდა. ამერიკის პირველმა ჩოგანმა ჯამში 12 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც ოთხის რეალიზება შეძლო, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ დაუკარგავს (ენდის ერთადერთი ბრეიკპოინტი ქონდა).

პირველმა სეტმა “უცბად გაირბინა” – ტეილორმა შეხვედრის სტარტზე ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და გადაწყვიტა კიდეც პარტიის ბედი (38 წუთში 6:1).

მეორე სეტში ენდი-ბოიმ თითქოს გამოასწორა თამაშის ხარისხი და 6 გეიმის განმავლობაში თანაბარ ბრძლაში “მიყვებოდა მეტოქეს”, თუმცა ბრიტანელს “საწვავი მალე გამოელია” – 3:3-დან ზედიზედ ორჯერ დაბრეიკდა და მატჩიც წააგო 1:6 3:6.

ტურნირის მეორე წრეში ტეილორ ფრიცი თანამემამულე ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდება.