ბონუს-ხვიჩა

16:24 / 18 ნოე 2022
ბონუს-ხვიჩა

21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გამოჩენა ევროპის უძლიერეს კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ბევრი უკვე კბილებს ილესავს, მის გადაბირებას აპირებს. ეს ცხადია ნაპოლის პატრონებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ. ჰოდა, მათ გადაწყვიტეს თავის დასაზღვევად ფინანსური ბერკეტები აამოქმედონ.

Fichajes: კვარაცხელიას სამსახურით "რეალი" დაინტერესდა

კერძოდ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ ნაპოლის ოფისში უნდათ რომ თავი ქუდში ჰქონდეთ და ამიტომ აპირებენ ქართველს ბონუსები გადაუხადონ. უფრო გასაგები რომ იყოს, იტალიაში ასე წერენ: ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მხარეებმა ზაფხულამდე უნდა დაიცადონ, მაგრამ მანამდე კლუბი კვარას ეგრეთწოდებულ რეტროაქტიურ პრემიას მისცემს, რაც მარტივად რომ ვთქვათ კარგი თამაშისთვის ფულის პოსტ ფაქტუმ მიცემაა.

ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა, ხელფასი კი წელიწადში 1,1 მილიონ ევროს უდრის. ეს ტოპ-ფეხბურთელისთვის მცირე გასამრჯელოა.