დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

13:08 / 25 ნოე 2021
დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

დინამო თბილისი წელს დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდება. ამაში თავისი წვლილი ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, საკადრო პრობლემებმაც შეიტანა. ბოლო მატჩებში დინამოს დავით სხირტლაძე ძალიან დააკლდა. ფეხბურთელი, რომელიც დინამოში დანიიდან დაბრუნდა და თითქმის ყველა თამაშში ან გოლს იტანდა ან საგოლე გადაცემას აკეთებდა.

Leadersport.ge სხირტლაძეს მიმდინარე სეზონზე, ტრავმაზე, სანაკრებო გამოცდილებაზე, ევროპა ლიგაში თამაშზე და ბევრ სხვა თემაზე დავითს შედარებით ვრცლად ვესაუბრეთ.

– ზუსტად რა ტრავმა გქონდა და როდის დაუბრუნდები მოედანს?

– მარჯვენა კუნთის ტრავმა მივიღე და სამწუხაროდ მნიშვნელოვანი თამაშები გამოვტოვე. რაც შეეხება დაბრუნებას, რეაბილიტაცია უკვე გავიარე და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მალე მოვიყვან კუნთს ფორმაში.

– ალბათ ფსიქოლოგიურადაც რთული იქნებოდა როცა გუნდს ესეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში დააკლდი…

– დიახ, რა თქმა უნდა. გუნდს ბათუმში და გორში ვერ დავეხმარე. ეს ძალიან ემოციური პერიოდი იყო ჩემთვის. ესეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ფეხბურთელი ყოველთვის განსაკუთრებით ემზადები და გინდა გამორჩეულად ითამაშო. ამ მატჩების გამოტოვება ძალიან დამთრგუნველი იყო.

– დიდი ალბათობით დინამო წელს ჩემპიონი ვერ გახდება. შენი აზრით რა დააკლდა გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის?

– ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან გუნდს სეზონის ბოლოს შევუერთდი. ვფიქრობ დინამო ბათუმის გაძლიერებამ უფრო მოიტანა ის, რომ ჩვენ ჩემპიონები ვერ ვხდებით.

– დინამოში ერთერთ საუკეთესო ქართველ მწვრთნელთან კახა ცხადაძესთან მუშაობ. რამდენად კომფორტულია მისი ხელმძღვანელობით თამაში?

– კახასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. მას ბევრი კარგი იდეა აქვს, დამახასიათებელი ხელწერის მქონე მწვრთნელია. ვინც დინამოს თამაშებს აკვირდება, ყველა შეამჩნევს, რომ ეს ხელწერა უკვე დაეტყო გუნდს. ცხადაძისთვის სამწუხაროა, რომ შეკრების გავლა ვერ მოახერხა გუნდთან ერთად. ახალ სეზონში დინამოს შეკრებას სწორედ ცხადაძე გაატარებს და დარწმუნებული ვარ გუნდი ტაქტიკურად უფრო მომზადებული იქნება.

– დინამოში შარშანაც ითამაშე. რა სხვაობას ხედავ შარშანდელ და წლევანდელ დინამოს შორის?

– შარშან დინამოში კლაკსვიკთან წაგების შემდეგ მოვედი, გუნდში ასე თუ ისე მძიმე სიტუაცია იყო. მაშინ ჩემპიონატში ლიდერები ვიყავით და მეორე ადგილოსანს 5 ქულით ვუსწრებდით. მთავარი ამოცანა უპირატესობის შენარჩუნება იყო და ეს მოვახერხეთ. წელს, რომ დავბრუნდი უკვე მდევრის როლში მოგვიწია ყოფნა და ამან სიტუაცია გაგვირთულა. შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება.

– დინამოში საკმაოდ კარგ ფორმაში დაბრუნდი. გოლები, საგოლე გადაცემები… გქონდა იმედი, რომ ამის შემდგომ ნაკრებში გამოგიძახებდნენ?

– მას შემდეგ, რაც ნაკრები სანიოლმა ჩაიბარა, ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს იძახებენ. ეს გარკვეულ წილად სტიმულია. ჩემი მიზანია კლუბს გამოვადგე და დავეხმარო, ასევე მსურს სანაკრებო განაცხადშიც მოვხვდე. ცხადია მიზანი ნაკრებში თამაშია. სამწუხაროდ ისეთ დროს მივიღე ტრავმა, რომ ნაკრებში ვერ გამომიძახებდნენ.

– წელს რამდენჯერმე იყო ისეთი სიტუაცია, როცა დინამო ბათუმი კარგავდა ქულებს და მერე თქვენც, ან პირიქით, ჯერ თქვენ და მერე დინამო ბათუმი. რამ გამოიწვია ეს?

– არ ვიცი, რთულია ამაზე საუბარი. კალენდარი ისე დაემთხვა, რომ ორივე გუნდს ერთდროულად გვიწევდა რთულ მეტოქეებთან თამაში და შესაძლოა ამიტომ. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ერთს ვიტყვი, რომ საკუთარი თავისთვის მოშვების უფლება არ მიგვიცია და ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდით.

– ნაკრებში 4 თამაში გაქვს ჩატარებული, დებიუტი 2016 წელს გქონდა. რა გრძნობა დაგეუფლა როცა პირველად გამოგიძახეს და როცა მოედანზე შედიოდი?

– ძლიან ბედნიერი ვიყავი. ერთ-ერთი წარმატებული საკლუბო თამაშის შემდეგ, ალექსანდრე იაშვილის გამოტოვებული ზარი დამხვდა და მივხვდი რაც ხდებოდა. როცა ავსტრიასთან დებიუტისას სტადიონი ხალხით შეივსო და მოედანზე შევედი, ძალიან დადებითი ემოციით ავივსე, ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.

– დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებზე რა აზრის ხარ?

– სანიოლმა უკვე გაიარა გაცნობის პერიოდი და ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა. ვაისის დროსაც ასე იყო, ბირთვი შეიკრა და ევროპის ჩემპიონატამდე 1 ნაბიჯი დაგვაკლდა. თამაში შეგვიძლია, ეს ბოლო თვეშიც დავამტკიცეთ როცა შვედეთს მოვუგეთ. მთავარია ყველა ჯანმრთელი და ფორმაში იყოს, ამ შემთხვევაში წარმატების შანსი რა თქმა უნდა გვექნება.

– ვაისი ახსენე და მასზეც მინდა გკითხო. ყველა ფეხბურთელს კარგად ამახსოვრდება მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში პირველად იძახებს. ალბათ შენ შემთხვევაშიც ასე იყო…

– დიახ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ვაისი სპარტაკ ტრნავაში გადასვლაშიც დამეხმარა. როცა კონტრაქტზე მიდიოდა ლაპარაკი, სლოვაკებმა მას ჩემზე აზრი ჰკითხეს, ვლადიმირმა კარგად დამახასიათა და ასე ვთქვათ სიტყვა შემაწია.

– სპარტაკ ტრნავაში ყოფნისას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშე, თან საკმაოდ ძლიერ გუნდებთან. ამ გამოცდილებას როგორ გაიხსენებ?

– ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. თამაში ერთია და როგორ ითამაშებ და რა გუნდებს შეხვდები მეორე. ჯგუფში ფენერბახჩე, ანდერლეხტი და დინამო ზაგრები გვყავდა. ხორვატებთან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ფიზიკურად და ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ. კარგად მახსენდება ფენერბახჩესთან და ანდერლეხტთან მოგებები. 7 ქულა ავიღეთ, 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევდა და საუკეთესოდ ვგრძნობდი თავს. გული მწყდება, რომ ცოტა ხანს გასტანა.

– დანიაში დიდი პერიოდი გაატარე. იყო ორჰუსი, სილკებორგი, ვიბორგი. რა არის ყველაზე თვალშისაცემი სხვაობა საქართველოს ჩემპიონატთან?

– დანიაში ყველა გუნდს აქვს ელემენტარული პირობები, ის რაც საქართველოში 3-4 გუნდს გააჩნია. პირველი ლიგის ზოგ გუნდსაც კი აქვს ისეთი პირობები, რაც ეროვნული ლიგის გუნდებს არ აქვთ.

– საქმისადმი მიდგომაში თუა სხვაობა?

– დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, დანიაში ფიზიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და ფეხბურთელები უფრო ხშირად არიან სატრენაჟორო დარბაზში. იქ უფრო ფიზიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, საქართველოში ტექნიკურს.

– დანიაში ახალგაზრდულ ასაკში წახვედი. რამდენად რთული იყო 19 წლის ბიჭისთვის უცხო გარემოსთან შეგუება?

– დანიაში წასვლა დიდი გამოწვევა იყო. ეს ისეთი ასაკია როცა კაცად ჩამოყალიბებული კერ კიდევ არ ხარ და იქ გიწევს ბევრი რამის სწავლა. დანიაში დავით დევდარიანი დამხვდა, რომელსაც დიდი ხანი ნაცხოვრები ჰქონდა და ძალიან დამეხმარა. იმდენად განსხვავებული მენტალიტეტია, ზოგ საკითხში გამიჭირდა. ყოველ ვარჯიშზე ყოველ წამს 100%-ით დახარჯვას ითხოვენ, რაც ძალიან კარგია და დამეხმარა.

– ალექსანდრე ჩივაძის ფორმაციის 21 წლამდელებში თამაშობდი. მასთან მუშაობაზე რას გვეტყვი?

– ჩივაძესთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. საოცარი ხედვა აქვს, პროფესორიო რომ იტყვიან, ზუსტად ისეთი პიროვნებაა. ძალიან კარგად აფასებდა მოწინააღმდეგეს. პირადად ჩემთვის საშა ჩივაძესთან მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. თავდაჯერებას მმატებდა როცა ამხელა დონის პიროვნება მიძახებდა და მათამაშებდა. იუმორიც ჰქონდა ფეხბურთელებთან ურთიერთობისას.

– სამწუხაროდ შენს კარიერაში ხშირად იყო ტრავმები. რომ არა ეს პრობლემა, შენი აზრით რა დონეზე იქნებოდი დღეს?

– რთულია ამაზე საუბარი, სამწუხაროდ ხშირად მაშინ ვიღებდი ტრავმას, როცა ახალი ნაბიჯი უნდა გადამედგა და ჩემით გუნდები იყვნენ დაინტერესებულები. მახსოვს 19 წლის ასაკში ბუნდესლიგის გუნდის სკაუტები იყვნენ ჩემი თამაშის სანახავად ჩამოსულები და ტრავმა მივიღე, რის გამოც 3 თვე გამიცდა.