დომინიკ ტიმის კრიზისი გრძელდება

ინდიან-უელსში გრძელდება 2023 წლის, ATP-ის პირველი საჩოგბურთო მასტერსი.
ტურნირზე ასპარეზობა პირველი რაუნდიდან დაიწყო მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა – დომინიკ ტიმმა. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დრამატულ ბრძოლაში 6:4 4:6 6:7 წააგო ადრიან მანარინოსთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტი დომინიკისთვის იდეალური გამოვიდა – პირველი სეტი 6:4 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში 4:1 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი დასრულდა და ავსტრიელი იოლად გააღწევდა მეორე რაუნდში, თუმცა არა – ვეტერანი ფრანგი ჩოგბურთელი დროულად “გამოცოცხლდა”, თამაშის სტილი შეცვალა, ავანტიურაზე წავიდა და თითქმის ყველა კომბინაციას ბადესთან ასრულებდა.
ამ ტაქტიკამ მანარინოს ჯერ უკუბრეიკი, ხოლო შემდეგ სეტის მოგება მოუტანა.
მესამე, გადამწყვეტ სეტში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და სავსებით ლოგიკური იყო ტაიბრეიკის დანიშვნა.
“საჩოგბურთო ლატარეაში” თავიდან ტიმი დაწინაურდა და 2 ქულაში იყო მატჩის მოგებამდე (5:3), თუმცა დომინიკმა ვერც აქ შეინარჩნა უპირატესობა – მანარინომ ზედიზედ 4 ქულა აიღო და მასთან ერთად მატჩიც მოიგო.
დომინიკ ტიმის კრიზისი გრძელდება – ავსტრიელმა ჩგბურთელმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, 2023 წელს გამართული 9 მატჩიდან კი ერთადერთი აქვს მოგებული.
ამ მომენტისთვის, რეიტნიგის ყოფილი მესამე ნომერი და US OPEN 2020-ის გამარჯვებული მსოფლიოს 102-ე ჩოგნის სტატუსს ატარებს.