ევრო-2020: დღეს ყველა გზა რომში მიდის

ევრო-2020: დღეს ყველა გზა რომში მიდის
ევრო 2020
იტალია
თურქეთი
კონტე
ინძაგი

ევროპის ჩემპიონატი იწყება. დღეს ყველა გზა რომში მიდის… 23:00 საათი, იტალია-თურქეთი.

 

11 ივნისია და ზუსტად 11 ივნისს იყო, ეს ნაკრებები ერთადერთხელ რომ შეხვდნენ დიდ ტურნირებზე ერთმანეთს. ეს იყო ევრო-2000, ნიდერლანდების ქალაქ არნემში, მაშინაც ევროპის ჯგუფის პირველი ტური იყო. სკუადრა აძურამ 2:1 მოიგო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი, 18-წუთიან მონაკვეთში გავიდა გოლები: ჯერ ანტონიო კონტეს მაკრატელა, მერე ოკან ბურუქის საპასუხო და ბოლოს ფილიპო ინძაგის პენალტი…

 

იტალიაც და თურქეთიც იმ ჯგუფიდან გავიდნენ. იტალიას სულაც ერთი წუთი დააკლდა ჩემპიონობამდე, ფინალს საფრანგეთთან დელ ვეკიოს გოლით იგებდა და ბოლოს ვილტორდმა გაუტანათ, დამატებითში კი ტრეზეგემ.

 

იტალია-თურქეთის ურთიერთშეხვედრები: 11 მატჩიდან აპენინელებმა 8 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და არცერთხელ არ წაუგიათ… ბურთების ბალანსი 22:5. და საინტერესოა, პირველ 6 შეხვედრაში თურქებს ერთი გოლიც კი არ გაუტანიათ, ხოლო ბოლო 5 მატჩში ზუსტად 1 გააქვთ. ამ მიმდევრობით, დღესაც ზუსტად 1 უნდა შეაგდონ, თუმცა ეს ფეხბურთია და არა მისტიკა.

 

ერთი კი არის, იტალიაც და თურქეთიც კარგ ფორმაში არიან. რობერტო მანჩინის გუნდმა წაგება არ იცის, რა არის. თურქებმა კი მარტში შესარჩევში სუპერთამაშები ჩაატარეს: ნიდერლანდებს შინ 4:2 მოუგეს, მერე ნორვეგია გასვლაზე 3:0 გაამწარეს. თუმცა ცოტა არევებიც იციან, ლატვიასთან შინ 3:3 მიაყოლეს…