ენისეის მწვრთელი არ ცხრება

21:42 / 23 დეკ 2021
ენისეის მწვრთელი არ ცხრება

კრასნოიარსკის ენისეის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ პერვუხინი იხტიბარს არ იტეხს და მოუთმენლად ელის შავი ლომი რუსეთში “ჩაიტყუოს”. ახლახან, გავრცელებულ ინტერვიუში პერვუხინი რევანშზე საუბრობს და რევანშის აღებაზე ოცნებობს.

“ლომთან მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ. გუნდი ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და, ჩავთვალე, რომ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ იყო. სხვა საქმეა, რომ ქართველების წინააღმდეგ სათამაშოდ მაქსიმალური განწყობით უნდა გახვიდე. ვერ ვიტყვი, რომ ასე არ იყო, თუმცა, ჩვენი გარჯა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. შავი ლომის მორაგბეები მზად იყვნენ მინდორზე მომკვდარიყვნენ, ჩვენ კი უბრალოდ სათამაშოდ გავედით.

ეს ყველაფერში გამოჩნდა. მეტოქემ გვაჯობა რაკებში, დაცვაში თამაშისას, გადაადგილებაში. ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, ქართველებმა პირველ რიგში განწყობით გვაჯობეს. ბიჭებს ეს მომენტი თავადაც უნდა ეგრძნოთ, თუმცა, ვაღიარებ, რომ მწვრთნელის ფაქტორიც დიდია.

განმეორებით მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. პირველ რიგში, ქართველები უნდა ვაიძულოთ სათამაშოდ რუსეთში ჩამოვიდნენ. პრინციპულია მათთან რევანშის აღება. გაითვალისწინეთ, რომ შავი ლომი საკუთარ თავს საქართველოს ეროვნული ნაკრების რეზერვს უწოდებს, ჩვენთან კი ძირითადი შემადგენლობის 8 მორაგბე დააყენეს. ასე რომ, ნამდვილად სერიოზულ დაპირისპირებას ველით.” – თქვა ალექსანდრ პერვუხინმა.