ზღაპრის ავტორი… (და რა შუაშია ზესტაფონი?)

ზღაპრის ავტორი… (და რა შუაშია ზესტაფონი?)

ბრიუგეზე და მის მწვრთნელზე დავწერთ. ვრცლად, ამ საოცარ ამბებზე, რასაც ბელგიის ჩემპიონი ატრიალებს ჩემპიონთა ლიგაში. 4 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე, ბურთები 7:0. მერვედფინალში უკვე გავიდნენ, არადა ჯგუფში ჰყავთ ატლეტიკო, პორტუ და ლევერკუზენი.

ატლეტიკოსთან გუშინ 0:0 ითამაშეს. მეკარე მინიოლემ სახით მოიგერია ბურთი, კიდევ რამდენჯერმე გადარჩნენ, თუმცა თავადაც ქმნიდნენ მომენტებს. საოცარი გუნდია ბრიუგე, ჯერ პორტუში 4:0 მოგება ხუმრობაა?!

საიდან ასეთი პროგრესი? ერთი ის დავწეროთ, რომ ტრანსფერებმა გაამართლა: ესპანელი ჟუტგლა ბარსელოდანან, დანიელი ფორვარდი სკოვ-ოლსენი ბოლონიადან… და ძალიან ახალგაზრდული გუნდია, 7 გოლი გაიტანეს ლიგაში და წარმოიდგინეთ, შვიდივეს ასაკი არაუმეტეს 22 წელია.

ახლა მწვრთნელზე: კარლ ჰიუფკენსზე. 44 წლისაა, მცველი გახლდათ და სხვათა შორის, ზესტაფონი-ბრიუგეს მატჩში, 2011 წელს გუნდის კაპიტანი იყო და გოლიც გაიტანა. გემახსოვრებათ, ის თამაში 3:3 დასრულდა. ასე რომ, საქართველოსთანაც ჰქონია გადაკვეთა.

(ზესტაფონი-ბრიუგე 3:3. რატი წინამძღვრიშვილი და კარლ ჰიუფკენსი)

და საინტერესოა, რომ ჰიუფკენსს უვადო კონტრაქტი აქვს კლუბთან. რატომ? მან იმ დროს ჩაიბარა ბრიუგე, როცა ჩემპიონობის შანსი მცირე იყო, უნიონ სენ-ჟილი ლიდერობდა დიდი უპირატესობით. ჰიუფკენსის გუნდი ჩემპიონი გახდა და ხელმძღვანელობაზე ასე იმოქმედა, რომ სრული კარტ-ბლანში მიიღო.

მანამდეც დაფასებული კაცი იყო და ითვლება ტალანტების მომძიებლად: ალფრედ შროიდერის თამაშემწე იყო ბრიუგეში და მწვრთნელად სხვა გუნდში არც უმუშავია. უბრალოდ, შროიდერი აიაქსში გადავიდა და ჰიუფკენსი დააწინაურეს…