ისევ! – პერეირამ ადესანია დაანოკაუტა და ქამარს დაეუფლა [VIDEO]

10:09 / 13 ნოე 2022
ისევ! – პერეირამ ადესანია დაანოკაუტა და ქამარს დაეუფლა [VIDEO]

რა არ უნახავს მედისონ სქუეარ გარდენს, თუმცა იშვიათად ისეთი დაძაბული აურა, როგორიც ადესანიასა და პერეირას დაპირისპირების დროს იყო – იქაური ატმოსფერო ეკრანიდანაც კი იგრძნობოდა.

დაპირისპირება პირველივე რაუნდში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მებრძოლებმა ერთმანენთი დაზვერეს და არაერთი მნიშნველოვანი დარტყმაც მიაყენეს – რაუნდის ბოლოს კი ისრაელმა პერეირა შეაბარბაცა კიდეც.

მეორე რაუნდში პერეირამ შეძლო კონდიციების აღდგენა და იზის MMA-ს სტრაიკინგში ტოლი არ დაუდო. მესამე რაუნდი ძალიან სიანტერესოდ განვითარდა – ადესანია აჭიდავდა. ზელანდიელმა ბრაზილიელი ნახევარ რაუნდზე მეტი პარტერში აკონტროლა.

მეოთხე რაუნდში უკვე ადესანიამ უპირატესობა იგრძნო და პერეირას დაღლილობამაც თავი იჩინა – ბრაზილიელისთვის ეს MMA-ს კარიერაში პირველი მე-4 რაუნდი იყო. თუმცა ყველაფერი მე-5 რაუნდში შეიცვალა, როცა ნოკაუტზე დაგეშილმა პერეირამ შეტევები გააძლიერა და ეს ტალღა ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანა – ფეთქებადი დარტყმების შედეგად ადესანია მძიმე ნოკდაუნში აღმოჩნდა და რეფერიმაც ბრძოლა გააჩერა.

შეგახსენებთ, პერეირას ადესანია აქამდეც ჰყავდა დამარცხებული, თანაც ორჯერ, კიკბოქსინგში. რაც შეეხება MMA-შ, ადესანია საშუალო წონაში პირველად დამარცხდა.