იტალიელ “გლადიატორთა” ბრძოლა სინერმა მოიგო

იტალიელ “გლადიატორთა” ბრძოლა სინერმა მოიგო

იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება ATP-ის მასტერსი. ტურნირის მეორე რაუნდში ერთმანეთს ორი იტალიელი შეხვდა იანიკ სინერი ფაბიო ფონინის წინააღმდეგ. “გლადიატორთა ბრძოლა” ცენტრალურ კორტზე 2 საათს გაგრძელდა და სინერის რთული გამარჯვებით დასრულდა 6:2 3:6 6:3.

პირველ სეტში 20 წლის იანიკი დომინირებდა, რომელმაც მე-3 და მე-5 გეიმებში ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და პარტია უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე 6:2.

null

მეორე სეტში ფაბიო “გამოფხიზლდა” – მეოთხე გეიმში მშრალი ანგარიშით აიღო მეტოქის ჩაწოდება და 3:1 დაწინაურდა. ახალგაზრდა თანამემამულემ მყისიერი უკუბრეიკით უპასუხა, თუმცა მეექვსე გეიმში ფონინიმ კიდევ ერთხელ აიღო იანიკის ჩაწოდებაზე გეიმი და 4:2 გავიდა წინ.

სინერმა ბევრი იბრძოლა, თუმცა სეტის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო 3:6.

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია – ფაბიოს საკუთარ ჩაწოდებაზე სიტუაცია აერია (დაუშვა 9 ორმაგი შეცდომა) და 1:4 ჩამორჩა მეტოქეს. ფონინიმ ბოლო ძალები მოიკრიბა და უკუბრეიკის შესრულებით მინიმუმამდე შეამცირა იანიკთან ჩამორჩენა 3:4, თუმცა სულ ეს იყო – გაცილებით ახალგაზრდა სინერმა მომდევნო ორი გეიმი უპრობლემოდ მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1:0 გახდა იანიკის სასარგებლოდ.

ტურნირის 1/8 ფინალში სინერი ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდება.