კონტრაქტი შედგა – გოჩოლეიშვილი კარიერას შახტარში გააგრძელებს

17:32 / 29 ნოე 2022
კონტრაქტი შედგა – გოჩოლეიშვილი კარიერას შახტარში გააგრძელებს

გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობა საბურთალოს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა და დონეცკის შახტარის ოფიციალურ საიტზეც დაიწერა. შახტარმა გოჩოლეიშვილს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში, დონეცკის “შახტარში” ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. ახალ კლუბში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გოჩოლეიშვილი “შახტარს” იანვრის პირველ რიცხვებში შეუერთდება.

“საბურთალოს” ხელმძღვანელებმა გიორგი გოჩოლეიშვილი 2010 წელს ქუთაისში შეამჩნიეს, რის შემდეგაც ჩვენს აკადემიაში ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, პროგრესს განაგრძობდა. ჯერ დუბლშემადგენლობის, შემდეგ პირველი გუნდის კარიც შეაღო. პარალელურად, გოჩოლეიშვილი გახლდათ ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრიც. 

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. ამასწინათ კი ფეხბურთელის კარიერაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა –  გიორგიმ მაროკოსთან შეხვედრაში პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა. 

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გიორგი გოჩოლეიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე. იგი ყოველთვის დარჩება “საბურთალოს” დიდი ოჯახის წევრად! – წერია საბურთალოს საიტზე.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა თემებზე ფეხბურთელთან ინტერვიუს ხვალ, 30 ნოემბერს შემოგთავაზებთ.