“ლევანდოვსკი გაძარცვეს”, “დროა, ვისწავლოთ არჩევა”… ტოპ-კომენტარები

“ლევანდოვსკი გაძარცვეს”, “დროა, ვისწავლოთ არჩევა”… ტოპ-კომენტარები

ისევ ოქროს ბურთზე. ყველაზე ხმაურიანი კომენტარები…

კარლო ანჩელოტი: „პირველ ადგილზე ბენზემას დავასახელებდი, მეორეზე ვინისიუსს, მესამეზე კი მოდრიჩს. ჩემი აზრია და სხვანაირად ვერ ვიტყვი“.

იგორ ბელანოვი (სსრკ, ოქროს ბურთის მფლობელი 1986 წელს): „შოკში ვარ. ლევანდოვსკი გაძარცვეს! მესი სუპერფეხბურთელია, მაგრამ პოლონელს უკეთესი სეზონი ჰქონდა და როცა ტელევიზიით ვუყურებდი დაჯილდოებას, შემეცოდა. 2012 წელს ასეთივე სიტუაციაში მოხვდა ანდრეს ინიესტა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ ოქროს ბურთი ვერ მოიგო“

ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ყოფილი ფორვარდი): „ამ გაუგებრობაში ვერაფერს ვიგებ. ვერ მივხვდი, რატომ მოდის ამხელა აგრესია მესიზე. მას ხომ არ აურჩევია საკუთარი თავი? ხმის მიცემის ფორმულა შესაცვლელია, ეს France Football-ის პრობლემაა“.

ოლივერ კანი: „მესის ვულოცავთ, მაგრამ ლევანდოვსკიც იმსახურებდა და ოქროს ბურთის გარეშეც უკვე ასულია საფეხბურთო ოლიმპზე“.

იკერ კასილიასი: „მესის ოქროს ბურთი? სულ უფრო და უფრო მიჭირს ასეთი პრიზების სამართლიანობის დაჯერება. ჩემი აზრით მესი მსოფლიოს ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, მაგრამ დროა ვისწავლოთ სეზონის მიხედვით საუკეთესოს დასახელება“.

ლოთარ მათეუსი: „მესი ბრწყინავდა კოპა ამერიკაზე, მაგრამ პსჟ-ში არ ჩანს. ლევანდოვსკის ეკუთვნოდა. ამ სამყაროსი უკვე აღარაფერი მესმის“.

იურგენ კლოპი: „სალაჰის მეშვიდე პოზიცია მაკვირვებს. მო უფრო მაღლა უნდა ყოფილიყო. მესის კარიერას თუ ავიღებთ, მაშინ სულ მას შეიძლება მივცეთ ოქროს ბურთი, მაგრამ მეორე მომენტია: რადგან ლევანდოვსკიმ ასეთ სეზონში ვერ მოიგო, ესე იგი, ვერასოდეს ვერ მოიგებს“.

კარიმ ბენზემა: „მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. თქვენთვის ვთამაშობ. შოუ უნდა გაგრძელდეს!“.

ფრანჩესკო ტოტი: „უკვე მივეჩვიეთ, რომ ოქროს ბურთი ან მესის უნდა გადასცენ, ან რონალდუს, მაგრამ წლეულს ლევანდოვსკის ავირჩევდი“.

კარლეს პუიოლი: „გილოცავ, ლეო! ულაპარაკოდ საუკეთესო ხარ“