ლევან კობიაშვილი: სექტემბრის თამაშები ჩემთვის კატასტროფა იყო

02:43 / 12 სექ 2021
ლევან კობიაშვილი: სექტემბრის თამაშები ჩემთვის კატასტროფა იყო
ლევან კობიაშვილი
საქართველოს ნაკრებ

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო, რომელმაც ცხადია სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა.

“გასაგებია რატომ ვარ აქ, თუმცა არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო. ჩემთვის ეს თამაშები სამარცხვინო და კატასტროფა იყო. რაც ამ თამაშებში ვნახეთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მარტის მატჩებში 1 ქულა ავიღეთ, თუმცა სხვაობა იყო. მაშინ ფეხბურთელებს ყველა ამხნევებდა, რადგან გუნდი რაღაცას აკეთებდა.

გამოდიან კრიტიკოსები და ნაკრებზე საუბრობენ. როცა აქ იყვნენ 1 მოედანი არ გაუკეთებიათ. შემოგთავაზეს მუშაობა და უარი თქვი, შენს საქმეს მიხედე, რას პროფესორობ.

ყველაზე მთავარი ალბათ მაინც კოსოვოსთან თამაში იყო. ამდენი დღე გავიდა ეხლაც ვერ ვხსნი რა მოხდა. ვერანაირი არგუმენტით ვერ ვამართლებ ამ თამაშს. ამ დროს თავი უნდა დახარო და ყველანაირი კრიტიკა მიიღო. იმედია ამ თამაშიდან ფეხბურთელები რაღაცას ისწავლიან.

ჩვენს ჯგუფში კოსოვო ერთადერთი გუნდია, რომელზეც იტყვი, რომ აუცილებლად უნდა მოუგო. ის რაც პირველივე წუთიდან მოედანზე ჩანდა კატასტროფა იყო. ყველამ ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია. დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს? ასე არ არის. ფეხბურთელების მიმართაც კრიტიკულები უნდა ვიყოთ.

რაც არ უნდა მოუმზადებელი იყოს ფეხბურთელი, მას პირველივე წუთიდან ეტყობა უნდა თუ არა თამაში. ფეხბურთელების კრიტიკაც საჭიროა. თუნდაც გერმანელი ლეროი სანე, რომელიც ჩაგდებული თამაშის გამო მთელმა გერმანიამ გააკრიტიკა დაწყებული ბაიერნის გულშემატკივრებიდან, დამთავრებული ჟურნალისტებით. მეც უნდა მაკრიტიკოთ, კრიტიკა კარგია.

ესპანეთთან დაყენებულ შემადგენლობას რომ გავეცანი გავოგნდი, თუმცა მწვრთნელი ვალდებული იყო შემადგენლობა შეეცვალა, რადგან საკადრო პრობლემები გვქონდა. ამით სანიოლს არ ვამართლებ, მის მიმართაც უნდა ვიყოთ კრიტიკულები.

ისევ პირველ თამაშს მივუბრუნდები, კოსოვოს ჩვენზე მეტი არ უნდა ერბინა, ჩვენზე მეტი სპრინტი არ უნდა გაეკეთებინა, ჩვენზე მეტი ორთაბრძოლა არ უნდა მოეგო და ჩვენ უფრო მეტად უნდა დაგვტყობოდა მოგების სურვილი.

არ მომერიდება და დავკონკრეტდები. ხოჭოლავას პოტენციალი კარგად ვიცი და ვიცი მეტი შეუძლია, თუმცა კოსოვოსთან შეხვედრის შემდეგ, არც მე დავაყენებდი ძირითადში.

რაც შეეხება კვეკვესკირის არგამოძახებას, სანიოლს ნიკა წინა შეხვედრებში არ მოეწონა და ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ არ გამოეძახებინა. მსგავსი სიტუაცია იყო ქვილითაიასთან დაკავშირებითაც, რომელიც მარტში არ მოეწონა, შემდეგ არ გამოიძახა, ეხლა კვლავ ათამაშა. კვეკვესკირი არავის ჩამოუწერია.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მთავარია ხვიჩა ჯანმრთელი იყოს და ნაკრებს დაეხმაროს. იგივე სურვილი მაქვს კიტეიშვილთან და ლობჟანიძესთან დაკავშირებით. კვარაცხელია პატარა ბავშვი აღარ არის და თვითონ უკეთ იცის რა სჯობს მისთვის.

როცა ნაკრებში ჩამოდიხარ და პირველივე დღიდან კლუბში დაბრუნებაზე ფიქრობ, იმისთვის რომ შემდეგ შენი კლუბის მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოემზადო, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ვერ შევცვლი მათ დამოკიდებულებას.

წიტაიშვილი შეიძლება იდეალური არ იყო, თუმცა ბიჭს ეტყობოდა, რომ თამაში უნდა. კაცის მოტყუებაზე მიდიოდა, კარში ურტყამდა, აქტიურობდა.”-განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2 სექტემბერს კოსოვოსთან 0:1 წააგო, 5-ში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა, 8 რიცხვში კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი გუნდი 5 თამაშის შემდეგ, 1 ქულით მეხუთე ადგილზეა. სანიოლის შეგირდები უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ.