ლევან მაისაშვილი: ფიჯი სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა

17:37 / 19 ნოე 2021
ლევან მაისაშვილი: ფიჯი სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა

საქართველოს ნაკრები ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესშია და ფიჯისთან მომავალი მატჩისთვის ემზადება. “ბორჯღალოსნებმა” კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც მედიასთან კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

“ფიჯი უელსთან განვლილ მატჩში წითელის ბარათის გამო კაცნაკლული ნაადრევად დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის ტესტებზე  რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბის თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რაქში და ყველასთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და, ვეცდებით, ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ. ცხადია, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და, ვეცდებით, ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე თამაშისას გამოჩნდება.”

შეგახსნებთ, რომ მატჩი მადრიდის მახლობლად მდებარე ქალაქ არანხუესში, 18:30 საათზე დაიწყება.