ლევან ყენია: ფეხბურთი ცხოვრებაა – როცა კარგად ხარ, ყველა შენი მეგობარია და როცა ცუდად, პირიქით

13:59 / 1 აგვ 2022
ლევან ყენია: ფეხბურთი ცხოვრებაა – როცა კარგად ხარ, ყველა შენი მეგობარია და როცა ცუდად, პირიქით

ლევან ყენია დამოუკიდებული ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა.  სამწუხაროდ მან ტრავმების გამო პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. მისი კარიერის ზღაპრული დასაწყისისას, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ნიჭიერი შემტევი ადრეულ ასაკში დაანებებდა თამაშს თავს. შემოქმედება, კარგი პასი, დრიბლინგი, დარტყმა… ლევანმა ამ და სხვა თვისებებით მიიპყრო ჯერ ქართველი, ხოლო შემდეგ უცხოელი გულშემატკივრების ყურადღება.

ყენიამ ბუცები ლურსმანზე დაახლოებით 2 წლის წინ ჩამოკიდა. 1 წლის წინ იგი იურდინგენის მწვრთნელის ასისტენტი გახდა, დღეს კი მოთამაშე მწვრთნელია. ყენიას გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ. მასთან განვლილ საფეხბურთო კარიერაზე, სამწვრთნელო საქმიანობაზე, საქართველოს ნაკრებზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.

– შენს ამჟამინდელ საქმიანობაზე რომ მომიყვე… როგორც ვიცით მოთამაშე მწვრთნელი ხარ.

– მეორე წელია უკვე იურდინგენში ვარ. შარშან დამხმარე მწვრთნელი ვიყავი, სეზონის ბოლოს თამაშიც დავიწყე და დღეს, როგორც უკვე აღნიშნეთ, მოთამაშე-მწვრთნელი ვარ. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად არის და 10 დღეში სეზონს დავიწყებთ. მე-4 ლიგიდან მე-5-ში დავქვეითდით და მიზანი ამ სეზონშივე აღზევებაა. ძლიერი გუნდია და შევეცდებით ეს მიზანი შევასრულოთ.

– როგორი სიტუაციაა მე-5 ლიგაში?

– ტრადიციული გუნდი ვართ, ვარჯიშებზე 50 გულშემატკივარი დადის ხოლმე. მახსოვს სეზონის გახსნითი შეხვედრისას 1500 ქომაგი იყო. შარშანდელ სეზონში 5 და 6 ათასი კაცი ჩვეულებრივი მომენტია. მე-5 ლიგა კი ჰქვია, მაგრამ დასწრება ყოველთვის მაღალ დონეზეა. სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და 1000 აბონიმენტი უკვე გაიყიდა.

– რამდენად მალე აუღე ალღო სამწვრთნელო საქმიანობას?

– სხვათა შორის ამ მხრივ ნაყოფიერი წელი მქონდა. ბევრი რამ სხვა მხრიდან დავინახე, დიდი გამოცდილება მივიღე. მწვრთნელობითაც და თამაშითაც სიამოვნებას ვიღებ. შარშან ბოლო 10 თამაში ვითამაშე და 6 საგოლე პასი გავაკეთე. წელს შევეცდები ფორმა გავაუმჯობესო, შემდეგ ვნახოთ რა იქნება. ჯერ არ ვიცი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ თუ მთლიანად სამწვრთნელო კარიერაში ვიქნები.

– თამაშის განახლება შენი ინიციატივა იყო თუ გუნდმა შემოგთავაზა?

– ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი ხოლმე, მთავარი მწვრთნელი ხშირად მთავაზობდა თამაშს. როცა ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და ნელ-ნელა ფორმაში შევედი, თამაში განვაახლე. როგორც უკვე გითხარით, თუ სასურველი ფორმა შევინარჩუნე, კვლავ ვითამაშებ.

– ბოლოს საბურთალოში იყავი და 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულე. ხომ არ თვლი რომ ადრე მოგიწია ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება?

– რთული პერიოდი იყო, კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემია დაემთხვა და გერმანიიდან საქართველოში ვერ ვბრუნდებოდი. შემდეგ მწვრთნელობის შანსი მომეცა და ასე გადავწყვიტე. როგორც გითხარით, თამაში განვაახლე. ვნახოთ როგორი წელი მექნება.

– ნაკრების ბოლო მატჩებზეც რომ ვისაუბროთ…

– სიმართლე გითხრათ ბევრ თამაშს ვერ ვუყურე, რადგან ჩვენი გუნდის მატჩები დაემთხვა. შედეგებს რა თქმა უნდა ვნახულობდი და ფაქტია წინსვლაა. გარკვეული პერიოდის წინ აღვნიშნე, რომ მწვრთნელს დრო სჭირდება. ჩემი აზრით, ვილი სანიოლმა ადაპტაცია უკვე გაიარა და შედეგიც სახეზეა. ჩვენი დონის გუნდებთან კარგად ვთამაშობთ, ახლა ჩვენზე უკეთეს ნაკრებებთან უნდა ვისწავლოთ წარმატებით ასპარეზობა. ხშირად გვითამაშია დიდ გუნდებთან კარგად, თან მაშინ როცა სატურნირო დატვირთვა აღარ გვქონდა. როცა სატურნირო მოტივაციაა, ფსიქოლოგიურად გვიჭირს და ვერ ვახერხებთ მოგებას. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ძლიერ ჩემპიონატებში არ გვყავს ფეხბურთელები. ამ მხრივ ბოლო დროს სიტუაცია გამოსწორდა. მიხარია, რომ წინსვლა ნიჭთან ერთად მენტალური მხრივაც არის. თუ ევროპაში თამაში გინდა, ყველაფერი უნდა გადადო და საქმეს არაფერი მოაკლო. ამ ბიჭებში ამას ვხედავ და ძალიან მიხარია.

– ვის გამოარჩევ ახალგაზრდებიდან?

– რა თქმა უნდა კვარაცხელია უნდა ვახსენო, ასევე ზურიკო დავითაშვილი. სამწუხაროდ ტრავმის გამო ჩაკვეტაძე ბოლომდე ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს. მე კარგად ვიცი რა რთულია ფეხბურთელისთვის ტრავმა. ვიცი რამდენად რთულია ძველ დონეზე დაბრუნება. ჩაკვეტაძეს წარმატებებს ვუსურვებ. ყველაფერს ერთდროულად არ უნდა შეეჭიდოს. სჯობს პატარა ნაბიჯებით წაიწიოს წინ და რაღაც დონეზე ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

– საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებ თვალ-ყურს?

– იშვიათად თუმცა შედეგებს ყოველთვის ვნახულობ. ასევე თვალ-ყურს ვადევნებ ჩვენი გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას. სამწუხაროდ წლებია ერთი და იგივეა, უკვე პლეი-ოფიც საოცნებო გვაქვს. ფინანსების და პროფესიონალი კადრების გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ვისურვებ, რომ ჩემპიონატი განვითარდეს. აუცილებელია კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა. მაგალითად როცა მე ლუქსემბებურგის დუდელანჟში ვთამაშობდი, მართალია კარგი ჩემპიონატი არ ყოფილა, თუმცა ძლიერი გუნდები გამოვაგდეთ – კლეჟი, ლეგია. არა 3-4, არამედ 14-15 კარგი ფეხბურთელია საჭირო, რომ ჯგუფში მოხვდე. ასევე ახალგაზრდები, რომ სათადარიგოზე მყოფთა იმედიც გქონდეს. საბურთალოშიც მომიწია ევროტურნირებზე თამაში, როცა არარატ არმენიასთან გამოვვარდით. რესურსი არ გვეყო და სამწუხაროდ წავაგეთ. ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

– ფეხბურთელობის პერიოდზე მინდა ვისაუბროთ… როგორ გაიხსენებ იმ დროს როცა ნაკრებში თამაშს იწყებდი?

– ასაკობრივი გუნდები ძალიან მალე გავიარე და 16 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ასე სწრაფად დიდ ფეხბურთში მისვლა. სჯობდა ადაპტაცია გამევლო და მერე მივსულიყავი ქვეყნის მთავარ გუნდში. ყველა 18-19 წლის ბიჭს ვერ მოსთხოვ მენტალურ და ფიზიკურ სიძლიერეს.

– შენი აზრით, ადრე ხომ არ იყო შენთვის 17 წლის ასაკში საქართველოდან გერმანიაში წასვლა?

– დიახ, ადრე მომიწია. თავიდან ნიჭის ხარჯზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ გამიჭირდა. სავარჯიშო დარბაზი საქართველოში ნანახი არ მქონდა. 17 წლის ბიჭი 60 კილოს ვიწონიდი და ეგრევე სატრენაჟორო დარბაზში შემაგდეს, ასე ვთქვათ ჩამოუყალიბებელი ვიყავი. 1 წელი ნიჭის ხარჯზე გავქაჩე და შემდეგ ტრავმებმა 2.5 წელი დამაკარგვინა. კოჭის დაზიანებამ დიდი დრო გამომატოვებინა. ფელიქს მაგათის მოთხოვნით და ჩემი გამოუცდელობით, რეაბილიტაციას ზედმეტად მალე გავდიოდი. შემდეგ კვლავ ტრავმა და დაბრუნება გამიჭირდა. არა და ის ასაკი გამიცდა, როცა ფეხბურთელები საფუძველს უყრიან საკუთარ კარიერას. შალკე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მანჩესტერს შეხვდა და ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა. ამ დროს ყველაზე მეტად ოჯახი და მეგობრები მედგნენ გვერდში. ძალიან რთული პერიოდი იყო. საჭირო ხალხის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთი ცხოვრებასავითაა, როცა კარგად ხარ ყველა გვერდში გიდგას, როცა პრობლემები გაქვს, შენ გარშემო მყოფთა რაოდენობა იკლებს.

– ფელიქს მაგათი ვახსენეთ, როგორი ტიპაჟია?

– ძალიან მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელია. მენდობოდა და ხშირად მათამაშებდა. როცა ტრავმა მქონდა, მეუბნებოდა, რომ მალე დავბრუნებულიყავი, სურდა მეთამაშა. ყველაფერი კონკურენციაზე ჰქონდა აწყობილი, ერთ პოზიციაზე 3-4 კარგი ფეხბურთელი გვყავდა. მაგალითად ჩემს ადგილას რაკიტიჩი და ჰოლტბი იყვნენ. ვინც მეტს დარბოდა და კარგად ვარჯიშობდა, ის თამაშობდა. ყველასგან მაქსიმუმს იღებდა. ასეთი გამოთქმაც იყო, რომ ფელიქს მაგათთან 1 წელი მუშაობა 3 წელს ნიშნავდა.

– შალკეში ჩასულს ლევან კობიაშვილი დაგხვდა, რომელიც ქართველებისთვის ერთ-ერთი სამაგალითოა. დარწმუნებული ვარ გვერდში ძალიან გედგა.

– ლევანი რა თქმა უნდა ძალიან დამეხმარა. კობი პროფესიონალი, სტაბილური და მენტალურად ძლიერი ფეხბურთელია. ამდენი წელი გერმანიაში თამაში პატარა ამბავი არ არის. შემდეგ მაგათთან კონფლიქტი მოუვიდა და ბერლინის ჰერტაში გადავიდა.

– მახსოვს როცა შალკე დატოვე, ზენიტში წახვედი, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ სტ. პეტერბურგში ითამაშებდი, თუმცა რაღაც არ გამოვიდა. რა მოხდა რეალურად?

– რუსებს ჩემი იქ დარჩენა სურდათ, 1 თვე გუნდში ვვარჯიშობდი, თუმცა ჩემი და მაშინდელი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა. ამდენი დროის გაცდენის შემდეგ, იმ ფორმაში არ ვიყავი, რომელიც ზენიტს სჭირდებოდა. სპალეტიმ პირდაპირ მითხრა, რომ ვერ ვაკმაყოფილებდი მათ დონეს.

– შემდეგ იყო ლვოვის კარპატი, სადაც ძალიან კარგი წელი გქონდა…

– კარგი სეზონი გამოვიდა, სასურველი ფორმის 70-80 პროცენტი აღვიდგინე და კარგად ვითამაშე. შემდეგ კვლავ გერმანია და დიუსელდორფის ფორტუნა სადაც ისევ ტრავმები მქონდა. როცა 3 წელი დაისვენებ, ორგანიზმი აღარ მოგყვება. გერმანიაში ამბობენ, ტრავმის გამო რამდენ ხანსაც დაისვენებ, იმდენი ხანი გჭირდება ფორმის აღსადგენად.

– 2.5 წლიანი უქმობის მერე საქართველოს ნაკრებში გიხმეს, ელოდებოდი გამოძახებას?

– მაშინ თემურ ქეცბაია იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ტრავმიანობისას თემური ხშირად მირეკავდა და მკითხულობდა ხოლმე. მეუბნებოდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ შანსი აუცილებლად მომეცემოდა. ნაკრებს ავსტრიაში თურქეთთან ამხანაგური მატჩი ჰქონდა. ემოციებში ვიყავი, ახალ დაბრუნებულს მინდოდა მეთამაშა, თუმცა თემურმა მოედანზე არ შემიშვა. იმ დროს ცოტა გულგატეხილი ვიყავი, თითქოს მთელი ეს წვალება და შრომა წყალში ჩამეყარა. ამის გამო კონფლიქტი მოგვივიდა, შემდეგ ეს კონფლიქტი გაგრძელდა. მერე შიგა და შიგ მიძახებდა ხოლმე, მახსოვს ალბანეთთან საგოლე გადაცემა გავაკეთე. თემური ცოტა რთული მწვრთნელია, თავისი ხედვები და დისციპლინა აქვს. ჩვენი შეხედულებები არ დაემთხვა და ურთიერთობა არ გამოგვივიდა. ფეხბურთში ასეა, ფეხბურთელი მწვრთნელის ნათქვამს უნდა დაემორჩილოს.

– ახლა მწვრთნელი ხარ, ამ გადმოსახედიდან, შეგეძლო რომ მაშინ სხვანაირად მოქცეულიყავი?

– ახლა მე როგორც მწვრთნელს რომ მსგავსი სიტუაცია მქონდეს, შეიძლება ქეცბაიას მსგავსად მოვიქცე, ან განსხვავებულად. არ ვიცი მეღირება თუ არა ფეხბურთელის რეაბილიტაცია. შეიძლებოდა ახალ დაბრუნებულისთვის პატარა მოტივაციაც მოეცა ჩემთვის. მე იმ თამაშს ვერც მოვიგებდი და ვერც წავაგებდი.

– შემდეგ კახა ცხადაძის დროსაც თამაშობდი…

– დიახ, კახამაც რამდენჯერმე მათამაშა. მის დროსაც გავაკეთე საგოლე გადაცემა და სხვათა შორის მაშინაც ვაწაძეს გავატანინე. სამწუხაროდ ნაკრებში ფეხი ბოლომდე ვეღარ მოვიკიდე. როცა ოპტიმალური ფორმის 70-80 პროცენტს ვიბრუნებდი, კვლავ ტრავმა და რეაბილიტაცია მიწევდა.

– ამბობენ ტრავმა ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური ტვირთი უფროაო, შენს შემთხვევაშიც ასეა?

– რა თქმა უნდა, პირველი დარტყმა სწორედ ფსიქოლოგიურ მომენტებზე მოდის. ყველაფერი ზუსტად უნდა გათვალო, შეიძლება მონდომებული იყო, მაგრამ ზედმეტმა მონდომებამ უკან დაგხიოს. ეს ეშმაკთან თამაშია. მონდომებასთან ერთად მოთმინება, კარგი ექიმი და ფიზიოთერაპიაა საჭირო. ტრავმები ცხოვრებაში დიდი გამოცდილება და დიდი გამოწვევაა. ამდენი ტრავმიანობა ხშირად ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე გაფიქრებს, ჯერ 20 წლის ვფიქრობდი ამას, შემდეგ 24 წლის ასაკში. საბედნიეროდ ისევ ვთამაშობ და სანამ შემეძლება მაქსიმუმს გავაკეთებ.

– ბევრ ვარსკვლავთან მოგიწია თამაში, რაულს როგორ დაახასიათებ?

– გერმანელებთან შედარებით ესპანელი ფიზიკური მომზადების და დისციპლინის კუთხით განსხვავდებოდა. ესპანელები უფრო ერთობოდნენ და მხიარულად უდგებოდნენ საქმეს, უფრო ტექნიკურები არიან. გართობაში ცხადია საფეხბურთო კომპონენტებს ვგულისხმობ. რაული უშუალო ადამიანია და ურთიერთობაში მარტივად შემოდიოდა.

– მახსოვს ადრე იწერებოდა, რომ ყენიას გამო რაკიტიჩი იჯდა სკამზეო…

– ხან მე ვთამაშობდი ხან რაკიტიჩი. შალკეში ყოფნის დროს გამთამაშებელი იყო, შემდეგ უკან დაწიეს. მენტალურად და ფსიქოლოგიურად ძლიერია, ეტყობა, რომ კარგად აზროვნებს. ბევრს ვერ დარბოდა, მაგრამ ამას ტვინით აკონპენსირებდა. გარდა ამისა, ძალიან კარგი პასი აქვს. თავის პოზიციაზე დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა.

– ეტყობოდა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა?

– სიმართლე გითხრა არა, თუმცა თავისი თავისგან მაქსიმუმი გამოწურა, სწორი აქცენტები გააკეთა, სევილიაში კარგ მწვრთნელთან მოხვდა და ძალიან კარგი ფეხბურთელი გამოვიდა.

– ვინ იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც გითამაშია?

– საქართველოს ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ სამჯერ ვითამაშე და უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო პირლო. როცა ბურთი მას ჰქონდა, პრესინგზე და ართმევაზე არც ვფიქრობდით. თანაგუნდელებიდან ფარფანს გამოვარჩევ. ჰუნტელაართანაც მომიწია თამაში, ბრწყინვალე თავდამსხმელი იყო, ასევე კევინ კურანი. ნოიერის დონის მეკარე არც მანამდე და არც მას მერე მინახავს.

– რა გამოარჩევდა სხვა მეკარეებისგან?

– ფეხით თამაში. კვადრატისას ხშირად გვემატებოდა ხოლმე, არა და მეკარეები ამ დროს ცალკე ემზადებიან. ნოიერი სრული კომპლექტია.

– საყვარელი პარტნიორი მოედანზე?

– ლევან მჭედლიძე. მასაც ბევრი ტრავმა ჰქონდა. როცა ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს კარგად ვუგებდით.

– ბავშვობაში კუმირი თუ გყავდა?

– თავიდანვე გერმანიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი. იურგენ კლინსმანი, ოლივერ ბირჰოფი, ოლივერ კანი. მახსოვს 2002 წელს ფინალში ბრაზილიასთან რომ წააგეს.

– იტალიის ნაკრებთან ძალიან კარგი მომენტი გქონდა, თუმცა ვერ შეაგდე…

– გასვლაზე კონტრ-შეტევისას მჭედლიძემ კარგი პასი მომცა, დარტყმისას პირლო ჩამივარდა ფეხებში და სამწუხაროდ ბუფონს ვერ გავუტანე. ახლაც თვალწინ მიდგას ეგ მომენტი.

– რომელია კარიერაში შენი გამორჩეული თამაში?

– შოტლანდიასთან 2:0 მოგებულ შეხვედრას გამოვყოფ, უელსში 2:1 მოგებასაც. აგვისტოს ომის მერე პირველი თამაში იყო. დორტმუნდთან 1:0 მოგებული დერბი, ჩეხეთის ჩემპიონობა, გერმანიის თასის მოგება, ევროტურნირებზე ასპარეზობა. ეს ყველაფერი სასიამოვნო მოგონებებია.

– ომის ფაქტორმა დამატებითი პასუხისმგებლობა შეგძინათ?

– რა თქმა უნდა. სულ სხვა მოტივაცია გვქონდა.

– ყველაზე კარგად რომელ მწვრთნელთან მუშაობისას გრძნობდი თავს?

– მამა-შვილ ტოპმიოლერებთან. ჯერ კლაუსთან, რომელმაც ნაკრებში პირველად გამომიძახა, შემდეგ მის შვილ დინოსთან დუდელანჟში. ასევე ნიკოლაი კოსტოვთან ლვოვის კარპატში. ისეთებიც იყვნენ, რომელთანაც ბევრი თამაში არ მიწევდა, თუმცა ვარჯიშებზე ეტყობოდა, რომ ძლიერი სპეციალისტია. თუნდაც დინო ტოპმიოლერი, რომელმაც დუდელანჟი ევროპა ლიგაზე გაიყვანა.

– რურის დერბი რა დაძაბულობაა?

– ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. გულშემატკივრები ამ თამაშისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ხოლმე. როცა 17 წლის ასაკში აქ ჩამოვედი, სულ სხვა სამყაროში მოვხვდი.

– დამწყებ ფეხბურთელებს რას ურჩევდი?

– ბევრი ივარჯიშონ, საკუთარ თავზე იმუშავონ. ფეხბურთი მარტო ბაზაზე მისვლა და საათნახევარი ვარჯიში არ არის. მაგალითი აიღონ თავიანთი პოზიციის ფეხბურთელებისგან. ინფორმაციები მოიძიონ და გაიგონ როგორ ცხოვრობენ პროფესიონალი ფეხბურთელები.

– და ბოლოს, მესის და რონალდუს შორის რომლისკენ იხრება შენი სიმპატიები?

– ორივე უდიდესი ფეხბურთელია. ოდნავ უფრო მეტ უპირატესობას კრიშტიანუს მივანიჭებ. უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწია ყველაფერს. ეტყობა, რომ დამაგვირგინებელ ფაზაზე ძალიან ბევრს მუშაობს.