მატჩი-ზღაპარი… როგორ მოუგო კიევის დინამომ სპარტაკს 0:2-დან (+video)

მატჩი-ზღაპარი… როგორ მოუგო კიევის დინამომ სპარტაკს 0:2-დან (+video)

სიგიჟე კიევში, 92 000 მაყურებლის თვალწინ. კიევის დინამოსა და მოსკოვის სპარტაკის პირველი ოფიციალური დაპირისპირება საბჭოეთის მერე, დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით. ფაქტიურად, ეს იყო უკრაინა-რუსეთი…

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფი და თან რა ჯგუფი: პსჟ, ბაიერნი, დინამო კიევი, სპარტაკი. ეს პირველი ტური იყო.

თამაში 1994 წლის 14 სექტემბერს გაიმართა. იოზეფ საბოს გაწვრთნილმა კიეველებმა 0:2-დან მოატრიალეს თამაში და მოიგეს. თან, პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანეს… მიხაილენკოს აუღო მეკარე ტიაპუშკინმა. მაგრამ მერე აბობოქრდა ვიქტორ ლეონენკო და ორი გოლი მიითვალა. ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა 20 წლის სერგეი რებროვმა გადარია 92 000 კაცი.

ლეონენკო მაგარი იყო, მაგრამ უდისციპლინო: ალკოჰოლს გადააყოლა საუკეთესო პერიოდი. ამ მატჩის მერე, როგორც საუკეთესო ფეხბურთელს, მანქანა გადასცეს – ახალი Audi-80.

და კიეველთა თითოეულმა ფეხბურთელმა 20 000 დოლარი მიიღო საჩუქრად.

„მახსოვს, თამაშის შემდეგ გულშემატკივრებმა თითქმის სახლამდე ხელში აყვანილი მიმიყვანეს. ბენზინს უფულოდ მისხამდნენ, მაღაზიაში ფულს არ მახდევინებდნენ, საჩუქარი კი იმდენი მომოგროვდა, რომ სხვებს ვაძლევდი. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც არარეალური გავაკეთე უკრაინისთვის“ (ლეონენკო)

„გასახდელში სრული სიჩუმე იყო. მხოლოდ ბუცების გაწმენდის ხმა ისმოდა. ასეთი თამაში წავაგეთ… ჩვენი მწვრთნელი ოლეგ რომანცევი გამარებული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა და მხოლოდ ეს გვითხრა: „რას ვიზამთ, ბრძოლა წავაგეთ. ვიბანავოთ და წავედით“. (სპარტაკის მცველმა ტერნავსკიმ გაიხსენა)

კიევის დინამოში იყო ანდრეი შევჩენკოც, მაგრამ ჯერ 18 წლის გახლდათ. ასევე გუნდში გახლდათ მიხეილ ჯიშკარიანი და ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. კონკრეტულად სპარტაკთან კი ჯიშკარიანი განაცხადში არ ყოფილა.

დინამო კიევი-სპარტაკი 3:2

გოლები: 0:1 პისარევი (12), 0:2 ტიხონოვი (37), 1:2 ლეონენკო (48), 2:2 ლეონენკო (76), რებროვი (86)