მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში

მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში

მესამე ქართველი როლან გაროსის ძირითად ბადეში

საქართველოს მეორე ჩოგანმა ეკო გორგოძემ (N222 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით დასძლია როლან გაროსის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კვალიფიკაციის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ნურია პარიზას დიასი გახლდათ.

გორგოძემ პირველ სეტში ოთხჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და 48 წუთში 6:3 იმარჯვა.

მეორე სეტის სტარტი ესპანელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა ეკომ დროულად შეასრულა „ქამბექი“ – ზედიზედ 4 გეიმის მოგებით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მალე შეხვედრაშიც წერტილი დასვა 6:3 6:4.
მატჩი 92 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ქართველის ანგარიშზე 1 ეისი და 7 ბრეიკი იყო, თავისმხრივ ესპანელმა 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხჯერ აიღო ეკოს ჩაწოდება.
ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის 3 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის ჯამში 40 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში, პირველი რაუნდში თამაშისთვის 10 ქულაც დაემატება და მსოფლიო რეიტინგში საკმაოდ წინ წაიწევს.

როლან გაროსზე საქართველოს 3 წარმომადგენელი ეყოლება – ქალთა ერთეულთა თანრიგში ეკო გორგოძე, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხოლო ქალთა წვილთა თანრიგში – ოქსანა კალაშნიკოვა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ღია პირველობა სტარტს 30 მაისს აიღებს და 13 ივნისს დასრულდება.