მილანი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, ლივერპულმა როსონერის კაპიტნის გოლით მოუგო

01:16 / 16 სექ 2021
მილანი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, ლივერპულმა როსონერის კაპიტნის გოლით მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მეორე სათამაშო დღე დასრულდა. 8 მატჩი, 28 გოლი და ბევრი ლამაზი მომენტი. ყველაზე აღსანიშნავი ჩემპიონთა ლიგაში მილანის დაბრუნებაა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.

დღის ცენტრალური დაპირისპირება სწორედ მილანის მონაწილეობით გაიმართა, როსონერი ნაცნობ მეტოქეს ლივერპულს ენფილდზე ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. შეხვედრის დიდმა ნაწილმა მერსისაიდელთა უპირატესობით ჩაიარა. მათ საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, რასაც მე-9 წუთზე ტიმორის ავტოგოლი მოჰყვა. მალე სალაჰსაც შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული პენალტი მენიომ მოიგერია.

მილანი ტაიმის ბოლოს გააქტიურდა და პირველი ნახევარი 2:1 მოიგო. 42-ე წუთზე ჯერ რებიჩმა გაიტანა, 2 წუთში კი ბრაჰიმ დიასმა შეაგდო.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ლივერპულის შეტევებით დაიწყო. 48-ე წუთზე სალაჰმა შეცდომა გამოასწორა და შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მოჰამედს ამ ეპიზოდში ორიჯიმ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. გამარჯვების გოლი ჰორდან ჰენდერსონის ანგარიშზეა, რომელმაც 69-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ერთი შეხებით მშვენიერი ბურთი შეაგდო.

ასევე საინტერესო გამოდგა ინტერის და რეალის დაპირისპირება. არაერთი სახიფათო მომენტის მიუხედავად, სან სიროზე მხოლოდ 1 გოლი გავიდა. 89-ე წუთზე მადრიდელთა მშვენიერი კომბინაცია როდრიგომ გოლით დაასრულა.

დანარჩენი მატჩებიდან ტურნირის დებიუტანტმა შერიფმა შახტარს სენსაციურად 2:0 მოუგო,, დორტმუნდმა თურქეთში ბეშიქთაში 2:1 დაამარცხა, საინტერესო და დაძაბული გამოდგა სიტი – ლაიფციგის დაპირისპირება, რომელიც 6:3 დასრულდა, ბრიუგემ და პსჟ-მ 1:1 ითამაშეს, აიაქსმა ლისაბონში სპორტინგი 5:1 გაანადგურა, ცალკე აღსანიშნავია სებასტიან ჰალერი, რომელმაც პოკერი შეასრულა, ატლეტიკოსა და პორტუს მატჩში კი გოლი არ გასულა.