“მოვსარ, ახლა შენი ჯერია” – ხაბიბის დამცინავი კომენტარი ილია თოფურიას მისამართით

00:35 / 22 იან 2022
“მოვსარ, ახლა შენი ჯერია” – ხაბიბის დამცინავი კომენტარი ილია თოფურიას მისამართით

მოგეხსენებათ, დღეს, ილია თოფურია 23 იანვარს გასამართ ორთაბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოეთიშა, რომელმაც თავი წონის კლების დროს იჩინა. აღნიშნულ ბრძოლაში თოფურია კანადელ ჩარლზ ჟოდენს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მანამდე ქართველის მეტოქე ინგუში მებრძოლი, მოვსარ ევლოევი იყო. ევლოევი 3 კვირით, კოვიდ ინფიცირების გამო ჩაეხსნა ბრძოლიდან, სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლა იგი კანადელმა.

ილიასა და ევლოევის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა გულშემატკივრებში – ორი დაუმარცხებელი ამომავალი ვარსკვლავი ერთმანეთის წინააღმდეგ. ბრძოლას კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდიდა დაპირისპირება, რომელიც ევლოევმა წამოიწყო და ილიას შეუთვალა, რომ წითელი ტილოსავით ათრევდა ოქტაგონზე. ბრძოლიდან გამოთიშვის შემდეგ კი არც თოფურიამ დააკლო და ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ევლოევს მშიშარა ვირთხას ეძახდა.

ხოლო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავად ილიაც გამოეთიშა ბრძოლას, UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა კომენტარით – “მოვსარ, ახლა შენი ჯერია”.