მსოფლიო ჩემპიონის თამაში

მსოფლიო ჩემპიონის თამაში

სენსაციების დღეს, სადაც არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა (1;2) და დანიამ ტუნისს ვერ მოუგო (0:0), საფრანგეთმა ავსტრალიასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:1.

ფრანგებს ბევრი პრობლემა აქვთ – მსოფლიოზე კანტე და პოგბა ვერ წავიდნენ, დაწყების წინ კი, ოქროს ბურთის მომგები, ქარიმ ბენზემა გამოაკლდათ. ასევე, კიმპემბეს ტრავმაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ავსტრალია სწორედ რომ საზომი შეიძლება გამოდგეს, ისტორიულად კარგი ნაკრები და მშვენიერი შემადგენლობა. ფეხბურთი ტუნისმა და საუდის არაბეთმა თუ ითამაშეს, ავსტრალიას ეს მეტად მოეთხოვება.

დიდიე დეშამმა ბაიერნში შეთამაშებული მცველები: ლუკას ერნანდესი, ბენჟამინ პავარი და დაიო უპამეკანო ათამაშა. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატამდე გუნდები სულ 1 კვირით ადრე შეიკრიბნენ, საკლუბო შეთამაშებამ დიდი როლი უნდა ითამაშოს. სამწუხაროდ, მატჩის სტარტიდან მალე, ლუკასმა ტრავმა მიიღო – სავარაუდოდ, სერიოზული – და ის, ძმამ, ტეო ერნანდესმა შეცვალა. ლუკასმა ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც მეთიუ ლეკიმ მოატყუა და გუდვინს გოლი გაატანინა. დიახ, ავსტრალია დაწინაურდა.

ფრანგებმა ამის შემდეგ სრული ინიციატივა მოიპოვეს. ისეთი არა, როგორც არგენტინამ, მხოლოდ ბურთი რომ ეჭირათ, ფრანგები უტევდნენ, ფრანგები დომინირებდნენ. პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს (რაბიო; ჟირუ) და კიდევ მრავალი საგოლე შანსი შექმნეს.

მეორე ტაიმში განსხვავება ისევ  იგრძნობოდა. ფრანგები ქმნიდნენ, ზოგი გაჰქონდათ, ზოგი ვერა, მაგრამ არ ჩერდებოდნენ. კილიან მბაპე დარბოდა, დრიბლინგებს ახორციელებდა, გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც შეასრულა და მცველები სულ წნეხის ქვეშ ჰყავდა.

ბენზემა ნაკრებისთვის უზარმაზარი დანაკლისია, თუმცა მეტოქის მცველებისთვის შვება რომ ჟირუ არ იქნება, ამ თამაშშიც დაამტკიცა. მსოფლიო ჩემპიონმა დუბლი გაიფორმა.

ანტუან გრიზმანის თამაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია – “პატარა პრინცი” ნაკრებში და კლუბში – სხვადასხვა ფეხბურთელია. თავდასხმისა და ნახევარდაცვის დამაკავშირებელი რგოლი სწორედ ანტუანი იყო და, შესაძლოა, ამ მატჩში საუკეთესოც, მიუხედავად იმისა, რომ არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ეს ორივე ადრიენ რაბიომ გააკეთა და საუკეთესოობაში შეჯიბრში კონკურენტიც სწორედ ის არის.

ყველაფერი იქით მიდის, რომ “წყევლა” მოიხსნება და მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფიდან გავა. ტუნისმა აჩვენა, რომ კარგი გუნდია, დანიაზე ყველაფერი ვიცით, მაგრამ საფრანგეთს ჩამრჩენის არაფერი ეტყობა…

 

საფრანგეთი 4:1 ავსტრალია