ნადალი ჯგუფში ჩარჩა

ნადალი ჯგუფში ჩარჩა

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი – რაფაელ ნადალი აგრძელებს წარუმატებელ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ესპანელმა ჩგბურთელმა NITTO ATP FINALS-ზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და პლეიოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

null

მწვანე ჯგუფში, მეორე ტური ნადალის და ფელიქს ოჟე ალიასიმის დაპირისპირებით იხსნებოდა. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ კანადელი ჩოგბურთელის მწვრთნელი ტონი ნადალია – რაფაელ ნადალის აღმზრდელი ბიძა და ყოფილი მწვრთნელი.

მატჩის სტარტი ესპანელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – პირველივე გეიმში ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ანალოგიური განმეორდა მეშვიდე გეიმშიც.

ვერგამოყენებული შანსების გამო ნადალი დაისაჯა – მერვე გეიმში ოჟემ ბრეიკის შესრულება მოახერხა და შემდეგ მალევე სეტიც მოიგო 6:3.

მეორე პარტიის სტარტზე ალიასიმმა კიდევ ერთხელ აიღო ესპანელის ჩაწოდებაზე გეიმი და 3:1 დაწინაურდა.

ნადალმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და 3:6 4:6 დამარცხდა.

მოგებულ შეხვედრაში ოჟეს 15 ეისი, ორი ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი ქონდა. თავისმხრივ ნადალმა 1 ეისის წილ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

კანადელს სტატისტიკაში 32 ვინერსი და 19 უნებლიე შეცდომა დაუფიქსირდა, ნადალს 13 ვინერსი და 18 უხეში შეცდომა.

რაფაელის კრიზისი გრძელდება – დიდი სლემის ტურნირების 22 გზის გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

null

მწვანე ჯგუფის მეორე შეხვედრაში კასპერ რუუდმა 6:3 4:6 7:6 სძლია ტეილორ ფრიცს და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

რუუდის მომდევნო ეტაპზე გასვლა ავტომატურად ნიშნავდა რაფაელ ნადალის ჯგუფში ჩარჩენას.