ნაღდი ფრე

19:42 / 24 ნოე 2022
ნაღდი ფრე

ურუგვაისა და სამხრეთ კორეის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში სამართლიანი ფრით დამთავრდა. წაგებას არც ერთი იმსახურებდა. ერთ მხარეს გიორგი მამარდაშვილის ვალენსიელი თანაგუნდელი ედინსონ კავანი ირჯებოდა. მეორე მხარეს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელი კოლეგა კიმ მინ ჯე, რომელიც 65-ე წუთზე დარვინ ნუნიესთან ბრძოლისას უხერხულად წაიქცა და კინაღამ მინდვრის დატოვება მოუწია. გადარჩა და ალბათ ნაპოლის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ამ ეპიზოდში შვებით ამოისუნთქა.

კორეელებმა პირველ ტაიმში მოარტყეს ძელს ბურთი, ხვან უი-ჟომ გაიტანა კინაღამ. მერე ურუგვაელთა ჯერი დადგა, ჯერ კაპიტანმა დიეგო გოდინმა (რომელიც ნაკრებში 160-ე მატჩს ატარებდა), შემდეგ კი ფედერიკო ვალვერდემ შეამოწმეს მეტოქის კარის ძელების სიმყარე.

საუკეთესო

ლივერპულელი დარვინ ნუნიესი. სწორედ მისი დამსახურებით სამხრეთამერიკელებმა ბევრჯერ გაამწვავეს თამაში და ცოტა იღბალიც რომ დაჰყოლოდა, გოლსაც გაიტანდა.

ურუგვაი –  სამხრეთ კორეა 0:0