ნიკ კირიოსის დუბლი ვაშინგტონის ტურნირზე

ნიკ კირიოსის დუბლი ვაშინგტონის ტურნირზე

ა.შ.შ-ს ქალაქ ვაშინგტონში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ერთეულთა თანრიგის ფინალურ მატჩში ერთმანეთს რეიტინგის ტოპ 60-ს მიღმა მყოფი ჩოგბურთელები დაუპირისპირდნენ – ნიკ კირიოსი (N63) და იოშიჰიტო ნიშიოკა (N97).

null

შეხვედრის სტარტი ავსტრალიელს უკეთესი გამოუვიდა – ნიკმა პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე ორგეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა.

მეექვსე გეიმში კირიოსმა ცოტათი “აურია” – ზედიზედ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკპოინტამდე მისვლის საშუალება მისცა, თუმცა “ოზი” დროულად გამოფხიზლდა – ეისების შედეგად ისევ დაიბრუნა “კონტროლი” და ამჯერადაც წინ გავიდა 4:2.

იოშიჰიტო ბევრს ცდილობდა, თუმცა მიღებაზე არაფერი აღარ გამოუვიდა – შესაბამისად პირველი პარტიაც 40 წუთში დათმო 4:6.

მეორე სეტის სტარტიც ანალოგიური გამოვიდა – პირველივე გეიმში ნიკმა ისარგებლა იაპონელის უხეში შეცდომებით და 15:40-დან ბრეიკი შეასრულა.

ნიშიოკა ისევ ორგეიმიანი ჰანდიკაპით ჩამორჩა მეტოქეს, რამაც იაპონელს ტაქტიკის შეცვლისკენ უბიძგა – 170 სმ სიმაღლის ჩოგბურთელი ბადისკენ ხშირად გადიოდა, თუმცა წარმატება ვერც იქ იპოვა.

მეცხრე გეიმში კირიოსმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მასთან ერთად მატჩიც – 6:4 6:3.

ერთეულთა თანრიგის მატჩის დასრულებიდან ერთ საათში ნიკი კორტზე კიდევ ერთხელ გავიდა – წყვილთა თანრიგის ფინალში კირიოსი/სოკის დუეტმა 7:5 6:4 სძლია დოდიგ/კრაიჩეკს.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა “დუბლი” შეასრულა ვაშინგტონის ტურნირზე.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:0 გახდა ნიკ კირიოსის სასარგებლოდ.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო.

2019 წლის შემდეგ, პირველად, ნიკმა ისევ შეძლო ATP-ის ერთეულთა თანრიგის ტურნირის მოგება (3 წლის წინაც ვაშინგტონში იმარჯვა).

null

ვაშინგტონის ტურნირის მსვლელობისას, 1/4 ფინალურ სტადიაზე ნიკ კირიოსმა ფრანსის ტიაფოსთან 5 მატჩბოლი მოიგერია. ავსტრალიელი მიმდინარე სეზონში გახდა მეხუთე ჩოგბურთელი, რომელმაც ტურნირზე მატჩბოლი მოიგერია და საბოლოოდ ჩემპიონობა იზეიმა.

ტანასი კოკინაკისი (ადელაიდას ტურნირი, 2 მატჩპოინტი 1/2 ფინალში)

ჟოაო სოუზა (პუნე, 3 მატჩპოინტი 1/2 ფინალში)

კარლოს ალკარასი (ბარსელონა, 3 მატჩპოინტი 1/2 ფინალში)

ლორენცო მუზეტი (ჰამბურგი, 2 მატჩპოინტი I წრეში)

ვაშინგტონის ტურნირის მოგებით ნიკ კირიოსმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და დღეიდან მსოფლიოს 37-ე ჩოგანი იქნება.