ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

ნოვაკ ჯოკოვიჩის რევანში

US OPEN-ის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5 სეტიან ბრძოლაში 4:6 6:2 6:4 4:6 6:2 მოუგო ალექსანდრ ზვერევს და ოლიმპიადის ნახევარფინალში ნაწვნევი მწარე მარცხისთვის რევანში აუღო.

null

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად აწვდიდა და იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-7 გეიმში ზვერევი პირველად მივიდა ბრეიკპოინტამდე , თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. 4:4-ზე კი გერმანელმა თავისას მაინც მიაღწია, დააბრეიკა მეტოქე და მომდევნო გეიმში უკვე სეტზეც წარმატებით ჩააწოდა – 6:4.

მეორე პარტიის სტარტზე ნოვაკი „გამოცოცხლდა“ – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. სეტის მიწურულს სერბმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 36 წუთში 6:2 იმარჯვა.

მესამე სეტში პირველი ბრეიკის შესრულების შანსები საშას ქონდა პირველ და მეხუთე გეიმებში, თუმცა ვერ შეძლო. ჯოკოვიჩმა მეტოქე მალევე დასაჯა – მესამე მცდელობით მოახერხა მეტოქის ჩაწოდების აღება და სეტებში უკვე წინ გავიდა 4:6 6:2 6:4.

null

მეოთხე პარტიის სტარტზე უკვე ზვერევმა შეასრულა ადრეული ბრეიკი და ეს მოპოვებული უპირატესობა დამაჯერებლად მიიყვანა სეტის ბოლომდე 6:4.

მეხუთე, გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა – „ნოლემ“ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე 4:6 6:2 6:4 4:6 6:2.

ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის ფინალაშია და ერთი მატჩის მოგება აშორებს – კალენდარულ გრანდ სლემს.

სერბმა ჩოგბურთელმა 225-ე გამარჯვება იზეიმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელების წინააღმდეგ და მოხსნა როჯერ ფედერერის რეკორდი (224 გამარჯვება).

„ნოლე“ 31-ედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში (20-10) და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფედერერს.

null

2021 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩი დანილ მედვედევს შეხვდება. რუსმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ სტადიაზე ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:4 7:5 6:2 სძლია კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს და კარიერაში მეორედ გავიდა US OPEN-ის ფინალში.

ჯოკოვიჩი და მედვედევი ერთმანეთს მეცხრედ შეხვდებიან. ურთიერშეხვედრებში სერბი ლიდერობს – 5:3.