ონს ჟაბერმა კარიერაში პირველი მასტერსი მოიგო

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულდა ქალთა საჩოგბურთო მასტერსი. ფინალურ მატჩში ონს ჟაბერმა 7:5 0:6 6:2 სძლია ჯესიკა პეგულიას და კარიერაში პირველად მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი.
შეხვედრის სტარტი პეგულიას უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა.
ტუნისელი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა, რომელმაც ჯერ წონასწორობა აღადგინა (4:4), ხოლო მეთერთმეტე გეიმში შესრულებული ბრეიკის წყალობით სეტიც მოიგო 7:5.
მეორე პარტიაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – ამერიკელი დომინანტი გახდა და ქულას ქულაზე იგებდა. ონს ჟაბერმა ეშმაკობას მიმართა – მშრალი ანგარიშით დათმო სეტი (0:6) და მეტოქე მოადუნა.
მესამე სეტის სტარტზე ტუნისელი ისევ სრული სიმძლავრით ათამაშდა და ორბრეიკიანი უპირატესობით მოუგო მეტოქეს 6:2.
ონს ჟაბერმა კარიერაში მეექვსე ფინალი ითამაშა და მეორე ტიტული მოიგო.
ტუნისელმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო მასტერსის დონის ტიტული.
ონსმა განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგში 3 პოზიცია მოიგო და მეშვიდე საფეხურზე იმყოფება, რაც მისი საუკეტესო შედეგის გამეორებაა.