ორივე ლიდერი დამარცხდა

18:33 / 11 მარ 2023
ორივე ლიდერი დამარცხდა

ბათუმი-ლელო 32:19
ბათუმი: 4ლ – მამრიკიშვილი, ხმალაძე, ძნელაძე, ფრუიძე. 3გ – ჯინჭველაშვილი (2), ნინიძე. 2ს – ჯინჭველაშვილი
სინბინი: მამრიკიშვილი, თხილაიშვილი, ფერსელიძე
ლელო: 3ლ – ზამთარაძე, მიქაძე, ბერუაშვილი. 2გ – ყიასაშვილი, ხუციშვილი
სინბინი: პატარაია
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე

დიდი 10-ის გათამაშების მე-16 ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა ლიდერ თბილისის ლელოს უმასპინძლა და 32:19 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა კარგად დაიწყეს და გარკვეულ დრომდე უპირატესობას ფლობდნენ, ბათუმმა მაინც შეძლო მატჩის პირველი ნახევრის დამაჯერებლად მოგება – 22:7.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა. ლელომ მეორე ტაიმი 12:10 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ლიდერმა ერთი საპრემიო ქულის წამოღებაც ვერ შეძლო ბათუმიდან.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი, ბათუმის ფულბეკი ლაშა ხმალაძე დაასახელეს.

ყოჩები-ხარები 26:17
ყოჩები: 4ლ – პერანიძე (2), გოგოლაშვილი, ჭუმბაძე. 3გ – მალაღურაძე, ფურცხვანიძე (2).
სინბინი: მჭედლიშვილი
გაძევება: მალაღურაძე
ხარები: 2ლ – პეტრიაშვილი, ჭავჭავაძე. 2გ,ს – პეტრიაშვილი
სინბინი: ნარიმანიძე, ეფრემიძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი

ვიცე ჩემპიონი ბოლნისის ყოჩები საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან რუსთავის ხარებს დაუპირისპირდა და 26:17 მოუგო. სტუმრებმა პირველი ტაიმი 10:7 მოიგეს. ყოჩები 63-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ ლელო გაიტანეს და დაწინაურდნენ – 19:17.

ხარებმა მატჩის ბოლომდე მეტოქეს ვერაფრით უპასუხეს. ყოჩებმა კი, კიდევ ერთი ლელო მიითვალა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ყოჩების მესამეხაზელი გიორგი კურტანიძე აღიარეს.

ლოკომოტივი-ხვამლი 15:25
ლოკომოტივი: 2ლ – დარჩიაშვილი, დოლიძე. ს,გ – სახელაშვილი.
სინბინი: ხურცილავა, რატამბაკავა.
გაძევება: რატამბაკავა
ხვამლი:  4ლ – ვარდოსანიძე, არველაძე, კაკაურიძე (2). ს,გ – ქობელაშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

თბილისის ლოკომოტივმა, რომელიც დიდი 10-დან უკვე გავარდნილია მორიგი მარცხი იწვნია. რკინიგზელებს, ამჯერად, გათამაშების დებიუტანტმა ხვამლმა აჯობა – 15:25.

ხვამლმა პირველი ტაიმი 15:5 მოიგო. რკინიგზელებმა თითქოს მაინც შეძლეს თამაშის მოტრიალება და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 15:15. ხვამლმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა მოახერხა ანგარიშში ისევ ათი ქულით დაწინაურება – 25:15.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ხვამლის გარემარბი ლაშა კაკაურიძე დაასახელეს.