ოქრიაშვილმა კორეაში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

13:01 / 1 აგვ 2022
ოქრიაშვილმა კორეაში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

თორნიკე ოქრიაშვილმა ჯეონბუკ ჰიუნდაიში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. En.yna.kr-ს ცნობით, კორეელებმა ქართველ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და ჩვენებურმა გუნდის მოთხოვნები ამ მხრივ ვერ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ანულირდა.

აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილის ტრანსფერი წარუმატებელი სამედიცინო შემოწმების გამო მეორედ ჩაიშალა. 2016 წელს იგი მარსელში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინაც მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი ბოლოს აპოელში თამაშობდა. 2021-22 წლების სეზონში კვიპროსელთა მაისურით ოქრიმ 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ოქრიაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი და 13 გოლია. 13 შეგდებული ბურთით იგი ვაკო ყაზაიშვილთან ერთად მოქმედი ფეხბურთელებიდან ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.