როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)

როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 2:1 მოუგო კოსოვოს! ეს შესარჩევში პირველი გამარჯვებაა და საჭიროც: ვილი სანიოლის გუნდი ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა. გამოჩნდა, რომ კოსოვო მთლად ასე ხელაღებით საქართველოზე ძლიერი არაა. მართალია, 7 მატჩში 4 ქულა ის შედეგი არაა, რაც გვსურს, მაგრამ ეს 4 ქულაც არ იყო…

სწრაფი გოლი ვნახეთ. კოსოვოელთა მეკარე არიანეტ მურიჩმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და თორნიკე ოქრიაშვილმა ისარგებლა. სწრაფად გაერკვა და ცაციით დაარტყა – 0:1.

მალე კიდევ იყო შანსი, მარჯვნიდან სწრაფი კონტრშეტევა, საბა ლობჟანიძის პასი და გურამ გიორბელიძემ ერთი შეხებით ააცილა.

რაც დრო გადიოდა, თამაში ნერვიული გახდა. კოსოვოელები დიდ გულზე ჩანდნენ, ვერ აიტანეს ეს შედეგი, წვივებში ჩარტყმებზეც გადავიდნენ და არც ქართველებმა დაუთმეს. სამწუხაროდ, სტუმრებმა რაც ნამდვილად დათმეს, ეს იყო მოედნის ცენტრიც და მარჯვენა ფლანგიც, საიდანაც იბომბებოდნენ – შეტევა შეტევაზე… ოთარ კაკაბაძე და საბა ლობჟანიძე ცუდ დღეში ჩავარდნენ.

ერთ მომენტში გიორბელიძემ აშკარა გოლს გადაარჩინა გუნდი, მერე კი კოსოვომ პენალტი მოიპოვა და ლაციოს ფორვარდმა ვედათ მურიქიმ გაიტანა – 1:1. პენალტის ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია შეცდა, კოსოვოელმაც პოზიციურად ისარგებლა.

მეორე ტაიმში კოსოვოს აშკარა ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ისეთ საოცარ მომენტს ვერ ქმნიდნენ. უბრალოდ, გოლის საშიშროებას ლამის ყოველ წუთს ვგრძნობდით – ძალიან დაცვიდან იყვნენ ვილი სანიოლის ფეხბურთელები.

და შეცვლებმა მოიგო თამაში! ირაკლი აზაროვის ჩაწოდებას მოჰყვა ზურიკო დავითაშვილის თავური – 1:2. შესაბამისად, 19 და 20 წლის ბიჭებმა შექმნეს ეს გოლი. თუმცა მშვენიერი იყო მანამდე ნიკა კვეკვესკირის პასი, დაცვა რომ დააბნია.

გამოვარჩევთ დაცვის ხაზს (კაშია-დვალი) და ლორიას საიმედო თამაშს. ნახევარდაცვაში უფრო ჭირდა და მოსალოდნელიც იყო – ჯაბა კანკავა არ იყო. წინ კი გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილიც გვაკლდნენ. კარგი თამაში ჩაატარა გიორგი წიტაიშვილმაც, უფრო პირველ ტაიმში.

მოკლედ, საჭირო მოგება იყო ფსიქოლოგიური კუთხითაც. ამდენი ცუდის შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. მეტი მუშაობა…

 

კოსოვო-საქართველო 1:2

გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45 პენ), 1:2 დავითაშვილი (82)