რუმინეთი, აშშ და შოტლანდია

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მოსფლიოს თასის დაწყებამდე, აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გამართავს. პირველი მატჩი თბილისში 12 აგვისტოს რუმინეთთან გვექნება. მერე, 18 აგვისტოს აშშ-ს ვუმასპინძლებთ. 26 აგვიტოს კი, ედინბურგში შოტლანდიას დავუპირისპირდებით.
თონიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი:
“პირველი გასახურებელი შეხვედრა რუმინეთთან გვაქვს, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის თავზე აშშ გვეწვევა, რომელსაც მსოფლიო თასზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა და საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ორმაგად მოტივირებული ჩამოვა. მათთან დიდი ხანია აღარ გვითამაშია. განვლილ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, არწივები ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და გამარჯვებულის ბედი ხშირად დასკვნით წუთებში ირკვეოდა.
ბოლოს, 26 აგვისტოს შოტლანდიას ედინბურგში ვერკინებით, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთი თამაში გვქონდა. ჩვენთვის პატივია, რომ მსოფლიო თასის წინ უკვე მეორედ, შოტლანდია დასკვნითი რეპეტიციისთვის მეტოქედ საქართველოს ირჩევს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე ტიერ1-ის წარმომადგენელთან ერთი შეხვედრა გვქონოდა და ამ მხრივ ყველაფერი კარგად დალაგდა.
ზოგადად, მსოფლიო თასის წინ ძალიან რთულია კარგი ტესტ მატჩების მოძიება. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპზე ხშირად გვიწევდა კლუბებთან თამაში, ახლა კი მსოფლიო თასის ორ მონაწილესთან და აშშ-ს საინტერესო გუნდთან გვექნება შეხვედრები.”