“რუსეთის ნაკრები 30 წელი ვერ ითამაშებს, დაივიწყეთ!..”

“რუსეთის ნაკრები 30 წელი ვერ ითამაშებს, დაივიწყეთ!..”

„რუსული ფეხბურთი მოკლეს და გაანადგურეს. არეულობაში ვართ“ – ეს ანდრეი კანჩელსკისმა უთხრა რუსულ Sport24-ს.

კანჩელსკისი კარგი ფეხბურთელი იყო. მანჩესტერ იუნაიტედში, რეინჯერსში, ევერტონში თამაშობდა… შოთა არველაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩშიც ითამაშა. ცნობილია პირდაპირობით და მწარე გამონათქვამებით.

აი, მასთან ინტერვიუდან ამონარიდები.

– ვალერი კარპინმა დაადასტურა, რომ ნაკრები ივნისში არ შეიკრიბება. აზრი არ აქვს, მაინც დისკვალიფიკაცია გვაქვსო.

– სწორა. რაზე უნდა შეიკრიბოს ნაკრები? აზრი? როცა გვეტყვიან, რომ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა შეგვიძლია, მაშინ უნდა შევიკრიბოთ. ეს კი 30 წელი არ მოხდება. ამდენი ხანი რუსეთის ნაკრები ვერსად ვერ ითამაშებს. დაივიწყეთ! უბედურება დაგვემართა.

– ბევრი თვლის, რომ ნაკრები მაინც უნდა შეიკრიბოს, რათა ბიჭები ტონუსში იყვნენ და სტიმული იგრძნონ.

– ეს ყველაფერი მაშინ იქნება, როცა საერთაშორისო მატჩებში ჩაგვრთავენ. ჩვენ კი გადაგვიარეს, გაგვანადგურეს. არეულობაში მოვხვდით, სრულ არეულობაში! იცით ეს სიტყვა?.. დიახ, ასეა.