საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

16:55 / 6 მაი 2022
საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ამჟამად ეროვნულ ლიგაში თამაშობს, სადაც გაგრას ღირსებას იცავს. 30 წლის მცველის კარიერაში ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე იყო. პირადი პრობლემები, კარიერაში ჩავარდნა, ომის გამო კლუბის დატოვება, სანაკრებო ამბები… ამ და ბევრ სხვა თემაზე საბა კვირკველიამ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა.

– გაგრაში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. როგორ შეეგუე საქართველოს ჩემპიონატს და კონკრეტულად გაგრას?

– გაგრაში შარშანაც ვვარჯიშობდი როცა ფორმის შენარჩუნება მინდოდა. ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და გარემო ჩემთვის უცხო არ არის. რაც შეეხება ჩემპიონატს, მარტივი სათამაშო ნამდვილად არაა. ყველა გუნდს მინიმუმ 3-4 კარგი ფეხბურთელი ჰყავს. გულშემატკივრები რომ დადიოდნენ, ბევრად საინტერესო პირველობა იქნებოდა. რამდენიმე გუნდის მატჩებზე დადიან, თუმცა ჩვენ ცარიელი ტრიბუნების ფონზე გვიწევს თამაში. ჩემთვის ერთი პლუსი ის არის, რომ დინამო არენაზე ვთამაშობთ და ნაცნობი სტადიონია.

– შენთვის ალბათ რთულია უმაყურებლო სტადიონზე თამაში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში უმეტეს წილად სავსე ტრიბუნების წინაშე ასპარეზობდი…

– რა თმა უნდა რთულია, მაგრამ როცა მიზანი ოპტიმალური ფორმის დაბრუნება და მაქსიმალურად კარგ ფორმაში ყოფნაა, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევ. გარდა ამისა, კარგი გუნდი შეიკრა. ცალკე უნდა ვთქვა მათე ვაწაძეზე, მისი დონის თავდამსხმელს ყველა ქართული კლუბი ინატრებდა.

– რამდენიმე დღის წინ თქვენს ვარჯიშს დავესწარი და საკმაოდ კარგი გარემო დამხვდა, ალბათ ესეც დიდ როლს თამაშობს თქვენს წარმატებაში.

– რა თქმა უნდა. ჩემამდეც კარგი გარემო იყო და ალბათ რაღაც მეც შევმატე. თითოეულ ფეხბურთელს კარგად გვაქვს გააზრებული რა მიზანი აქვს გუნდს. გაგრა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და გვინდა ამ ეტაპზე მინიმუმ ადგილი შევინარჩუნოთ და მაქსიმუმს დრო გვიჩვენებს. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ.

– გაგრას როგორც საქართველოს ისე წარმოადგენთ და ეს ალბათ დამატებითი პასუხისმგებლობაა, რადგან გაგრა ჩვენი ქვეყნისთვის პრომლემატური რეგიონია…

– დიახ, ასეა. ბესო ჩიხრაძემ ძალიან დიდი საქმე გააკეთა რომ ეს გუნდი დააარსა და ამ პრეოქტს წარმატებით აგრძელებს. ამისთვის მას არამარტო გაგრას გულშემატკივრებმა, არამედ ზოგადად ქართულმა ფეხბურთმა უნდა გადაუხადოს მადლობა.

– ცოტა შორიდან მინდა დავიწყოთ… კარიერის საწყის ეტაპზე ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა მწვრთლემა უხეშად რომ ვთქვათ დაგიწუნა. ეს ალბათ რთული იქნებოდა შენთვის, როგორ დაძლიე ეს ბარიერი?

– მსგავსი მომენტები ბევრს ჰქონია. სიმართლე გითხრათ როცა რუსეთში ვთამაშობდი და ტიტულებს ვიგებდი, მაშინაც უკვირდათ და ამბობდნენ როგორ ახერხებს თამაშსო. ბარიერი ჩემი შრომით და მიზანდასახულობით დავძლიე.

– ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუბინში 18 წლის ასაკში ლიონის და კიევის დინამოს წინააღმდეგ ითამაშე, თან საკმაოდ კარგად. რა გამოცდილება იყო ეს შენთვის?

– კიევის დინამოსთან მატჩამდე ჯერ კიდევ დუბლებში ვიყავი, რუბინის ძირითადის 2 მცველი ტრავმირებული იყო და ყურბან ბერდიევმა შანსი მომცა. მაშინ დინამოში ანდრეი შევჩენკო ახალი დაბრუნებული იყო და ეს დამატებითი მოტივაცია იყო ჩემთვის. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი რომ გავიგე, თავში ყველაფერი დამიტრიალდა. შემდეგ ლიონთან მომიწია თამაში და ფრანგებმა გამოგვაგდეს.

– ბევრი დიდი გუნდის წინააღმდეგ მოგიწია თამაში, მათ შორის ლივერპულია. ენფილდის გარემოზე რომ მოგვიყვე…

– ჩათვალეთ ოპერაში ან თეატრში მიდიხართ და წარმოდგენისგან სიამოვნებას იღებთ, ეგ იყო ენფილდზე. ატლეტიკოს და იუვენტუსის სტადიონზეც მითამაშია, მაგრამ ენფილდი სხვაა.

– იმ მატჩში ვინმემ დატოვა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– კოუტინიო მაშინ ძალიან მაგარ ფორმაში იყო და კარგი მატჩი ჩაატარა, ასევე გამოვარჩევ რობერტო ფირმინოს. მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა ნიკლას ბენტეკეს, უჯანმრთელესი ფოვარდია.

– წეღან შენც ახსენე ატლეტიკოსთან მატჩი, სადაც დიეგო კოშტას წინააღმდეგ მოგიწია თამაში. არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი შენი მეტოქეებიდან?

– ერთ-ერთი კი, საუკეთესოდ მაინც რობერტ ლევანდოვსკის და ტომას მიულერს მივიჩნევ.

– საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ლიხტენშტეინის ნაკრებთან გქონდა როცა გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და დარწმუნებული ვარ არც შენ ხარ გამონაკლისი. ნაკრებში დებიუტისას რას გრძნობდი?

– რა თქმა უნდა ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაც იყო. ეროვნულ გუნდში თამაში არ გამძნელებია, რადგან საკმაო გამოცდილებით ჩამოვედი. რუბინი იმ ხანად რუსეთის ჩემპიონატში ლიდერთა შორის იყო და მეც მუდმივად ვთამაშობდი. მაშინ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა – ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, რევიშვილი… მათ გამიადვილეს ადაპტაცია.

– ბევრ კარგ მწვრთნელთან გიმუშავია და ერთ-ერთი იური სიომინია, რომელთანაც როგორც ვიცი დღემდე კარგი ურთიერთობა გაქვს. როგორი მწვრთნელია და პიროვნებას როგორ დაახასიათებ?

– სიომინთან დღემდე ვმეგობრობ და კვირა არ გავა ერთმანეთი რომ არ მოვიკითხოთ. უძლიერესი სპეციალისტი და ძალიან კარგი ადამიანია. არ ვიცი რატომ მაგრამ მისგან ჩემ მიმართ განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი.

– რაში გამოიხატებოდა ეს დამოკიდებულება?

– მუდმივად გვერდში მედგა და მათამაშებდა. კრიხოვიაკი, ედერი, ფარფანი, ჟოაო მარიო, ჩორლუკა… ამ ბიჭების გვერდით ვთამაშობდი და ისე მექცეოდა როგორც აღნიშნულ ვარსკვლავებს.

– მენტალობაში თუ იგრძნობოდა სხვაობა ვარსკვლავებს და სხვა ფეხბურთელებს შორის?

– სხვაობა მაინც უფრო პროფესიონალიზმში იყო. მაგალითად როცა თამაშის წინ ბაზაზე ვრჩებოდით, ჰიოვედესი თავისი დიეტური მენიუთი მოდიოდა. ყველას თავისი წიკი ჰქონდა.

– მოახლოებულ ერთა ლიგაზეც უნდა ვისაუბროთ. რა შანსი გვაქვს ბულგარეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან და გიბრალტართან?

– თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ნაკრები ვართ. ბოლო 2 თამაში მშვენივრად ჩავატარეთ, ალბანეთის და ბოსნიის დონის ნაკრებები ჯგუფში არ გვყავს. მთავარია ფეხბურთელები ჯანმრთელად ვიყოთ და მინიმუმ 80%-ს სათამაშო პრაქტიკა გვქონდეს. ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, ფედერაციიდან ყველანაირი მხარდაჭერაა, მთავარია ჩამოვიდეთ და ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

– სანიოლი ახსენე და მინდა მასზე ვრცლად მომიყვე…

– ძალიან დადებითად დავახასიათებ, იცის ვის როგორ ესაუბროს, როდის გაიხუმროს, როდის იყოს სერიოზული, ძალიან დადებითი პიროვნებაა. მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დიდი ფეხბურთელი იყო და სამწვრთნელო საქმიანობაშიც ყველაფერი წინ აქვს.

– რუსეთ – უკრაინის ომის დაწყების დროს უკრაინაში იყავი. როგორ ჩამოხვედი საქართველოში და ელოდი თუ არა ნაკრებში გამოძახებას?

– ომის დაწყებამდე იმედი მქონდა გამომიძახებდა. თურქეთში შეკრებას გავდიოდი, ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვიბრუნებდი. მერე გავიგე, რომ სანიოლი თურქეთში ჩემს თამაშებს აკვირდებოდა. წონაც დავიკელი, წინა გამოძაებასთან შედარებით, როცა რუმინეთთან ვითამაშეთ, 6 კილო დავიკელი და ჩემს იდეალურ წონაზე ვარ.

– როგორია შენი თვალით დანახული რუსეთ-უკრაინის ომი?

– თურქული შეკრებიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩავედით და შახტართან გასამართი მატჩისთვის დავიწყეთ მზადება. ტელევიზორიდან გავიგე, რომ სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ცხოვრება მაინც ჩვეულად მიდიოდა. ყოველი შემთხვევისთვის ბილეთი ავიღე, რომ გამოვფრენილიყავი. 24-ში დილით საშინელმა ხმამ გამაღვიძა, მეგონა კორპუსი აფეთქდებოდა. ფილმებში ხომ გინახავთ ზომბები რომ დადიან ქალაქში, ეგეთი სიტუაცია დამხვდა ფანჯრიდან გახედვისას. კიევიდან და ხარკოვიდან გაფრენა შეუძლებელი იყო, რადგან ორივე ქალაქის აეროპორტი დაბომბეს. შემდეგ პოლტავაში წავედი, სადაც ჩემი საცოლის მამა ცხოვრობს და ის დამეხმარა. პოლტავაში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ომის საშიშროება მაინც იგრძნობა. ხშირად სირენები ირთვებოდა, რაც ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი იყო. ვხედავდი შეშინებულ ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებოდნენ გადარჩებოდნენ თუ არა. შემდეგ 33 საათი რუმინეთის საზღვრამდე მანქანით ვიარე და უცბად გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს. ეროვნულ გუნდში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია.

– ცოტა მტკივნეულ თემას მინდა შევეხო, არის ჩრდ. მაკედონიასთან თამაში კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

– რა თქმა უნდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ფინალურ მატჩში გულშემტკივრები ძალიან დაგვაკლდნენ, როცა დინამო არენაზე ტრიბუნები სავსეა, სულ სხვა მოტივაციაა. ასევე საკადრო პრობლემები, რამდენიმე ლიდერი დაგვაკლდა და ძალიან დაგვეტყო. პლუს ამას თამაში არ წაგვივიდა. ხდება, ფეხბურთია, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ერთ მომენტს გავიხსენებ, თამაშის შემდეგ ლევან კობიაშვილის სიტყვები მახსოვს, რომელმაც გვითხრა რომ არაუშავს, თქვენ ფინალში მაინც გახვედით და ჩვენ სიტყვა ფინალი აქამდე არ ვიცოდითო. მადლობა გადაგვიხადა და გასახდელიდან გავიდა. კობიაშვილი ჩვენთვის ჯერ მეგობარია, შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი. მასთან, დავით მუჯირთან, ალექსანდრე იაშვილთან ძალიან კარგი და გახსნილი ურთიერთობა გვაქვს.

– წადმომიდგენია რა ხდებოდა გასახდელში თამაშის შემდეგ…

– მაგას მე ვერ გადმოვცემ, ზოგი ტიროდა, ზოგი ვერც ლაპარაკობდა… რთულია ამის მოყოლა.

– შენი 3 საუკეთესო სანაკრებო მატჩი რომელია?

– უელსში 1:1, თბილისში შოტლანდიასთან მოგებული შეხვედრა და ესპანეთში მოგება.

– ვფიქრობ თბილისში ყაზახეთთანაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარე…

– კი, მაგ შეხვედრასაც დავამატებ.

– ეს ინტერვიუ ლესტერზე საუბრის გარეშე ვერ ჩაივლის. რა მოხდა რეალურად, რამ შეგიშალა ტრანსფერში ხელი?

– ლესტერის ინტერესი რეალური იყო. სიმართლე გითხრათ დიდად არ მიყვარს ამ თემის გახსენება. 1 წლის წინ ამ საკითხზე ლაპარაკისას ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, რაც მოხდა მოხდა. არ მინდა წარსულზე ბევრი ვილაპარაკო. რეალური შემოთვაზება იყო, რაზეც უარის თქმა მომიწია. უბრალოდ ვიღაცეების თხოვნა გავითვალისწინე და ლესტერში არ წავედი.

– 2019 წელს შენს კარიერაში ოქროს ასოებით ნამდვილად არ ჩაიწერება, არც კლუბში გიწევდა სისტემატიურად თამაში და ნაკრებშიც 10-დან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარე. რეალურად რა იყო ამ ჩავარდნის მიზეზი?

– ჯერ ტრავმა მქონდა, რაც ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს. ამას პირადი პრობლემებიც დაერთო, რაზეც არ მსურს საუბარი. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ყველაფერი იციან. ახლა ყველაფერი იდეალურად არის, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ.

– როგორც წეღანაც გითხარი, ბევრ კარგ მწვრთნელთან გიმუშავია და მინდა მათზე მომიყვე. საშა ჩივაძით დავიწყოთ…

– საშა ჩივაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. მიხარია რომ მასთან თამაში მომიწია. მახსოვს იძახდა ფეხბურთელს იუმორი აუცილებლად უნდა ჰქონდესო. ჩივაძე დიდი პიროვნებაა.

– ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ კარგად ახსენდებათ ის მწვრთნელი, რომლის დროსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ასეა შენი და ქეცბაიას შემთხვევაში?

– სანამ თემურზე ვისაუბრებ ვიტყვი, რომ ნაკრებში თამაში ორმაგად რთულია. ბევრს უთქვამს თუნდაც ჩემი ან სხვისი მისამართით, რომ ნაკრებს ზერელედ უყურებენ. ეს ასე არ არის, როცა შენი გუნდის გერბი გახატია გულზე, ორმაგი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ქეცბაიას, მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. დიდ პატივს ვცემ და ორმაგად ვაფასებ მას შემდეგ, რაც ქართველ ფეხბურთელებს გაუკეთა როცა ანორთოსისში წაიყვანა. ნაკრებისთვის საჭირო ხალხი იყო და გვერდში დაუდგა.

– ნაკრებში ყველაზე მეტი თამაში ვლადიმირ ვაისის დროს მოგიწია, კომფორტული იყო მასთან მუშაობა?

– დიახ, ვაისი ძალიან კარგი ადამიანი და სპეციალისტია. რუბინში უთამაშებლობის დროს ნაკრებში ჩამოვდიოდი და ვაისი ძირითადში მაყენებდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. სწორედ ამ პერიოდში მომიწია უელსში თამაში, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მატჩი იყო, რაც ნაკრებში ჩავატარე. თქვენ სტადიონზე უნდა გენახათ რა ხდებოდა, ბოლოს ბეილიც დაცვაში იდგა.

– ბავშვობაში თუ გყავდა კუმირი?

– კახა კალაძე. მან ეპოქა შექმნა. უძლიერეს მილანში ძირითადში იყო და ეს ბევრს ნიშნავს. პირადად მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ და უცხოელებიდან ფაბიო კანავაროს გამოვარჩევ.

– ნაკრებში როცა ახალი მოსული იყავი, გამოცდილი ფეხბურთელებიდან ვინ გედგა გვერდში?

– ბევრი იყო, ამისულაშვილც გამოვარჩევ, ასევე დათო კვირკველიას და ლაშა სალუქვაძეს.

– დღეს ყველაზე მეტად ვინ არის ნაკრებში ლიდერი და მოტივატორი?

– კაშია. მუდმივად ვიღაცას რაღაცას კარნახობს. მე არ მაქვს ეს თვისება, მაქსიმუმ რამდენჯერმე ვთქვა და შემდეგ ისე ვარ თამაშში ჩართული, ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ. კაშიას აქვს ეს თვისება, მუდმივად რჩევებს იძლევა და ნამდვილი ლიდერია. ეს რა თქმა უნდა დადებითია.

– ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. ჯანოზეც საინტერესოა შენი აზრი…

– დიდი ხანია, რაც ანანიძესთან ვმეგობრობ. ძალიან მაგარი ადამიანია. ჯანო 100%-ით პროფესიონალი იყო, არ არღვევდა რეჟიმს. ტრავმები, რომ არა კვარაცხელია თუ ნაპოლიში გვეყოლება, ჯანო პრემიერლიგის რომელიმე გამორჩეულ გუნდში ითამაშებდა.

– ხვიჩა ახსენე და უნდა გკითხო, მისი ტრანსფერი უფრო გაუხსნის ქართველ მოთამაშეებს დიდ გუნდებში გზას?

– რა თქმა უნდა. მასთან ერთად ლოკომოტივში ვთამაშობდი და ხშირად ვამბობდი, რომ სერია ა მოუხდება. ხვიჩას ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. სულ რაღაცას ფიქრობს, სულ უნდა რაღაც მოიგონოს.

– სამწუხაროდ ჩაკვეტაძე ტრავმებმა უკან დახიეს, არა და მასზეც დიდი იმედები მყარდებოდა და მყარდება…

– როცა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ფორმაში არიან, საქართველოში დღემდე კამათობენ რომელია უკეთესი. გიორგი ისეთ ასაკშია, არც ეხლაა გვიანი ფორმის აკრეფა. მას ერთი აფეთქება სჭირდება, რომ თავდაჯერება დაიბრუნოს, ტრავმა არ ჰქონდეს და შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

– ვინ არის ნიჭიერი ვისთან ერთადაც გითამაშია?

– ძალიან ბევრის თქმა შემიძლია. ოქრიაშვილი, ანანიძე, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ლოკომოტივში მირანჩუკები, ბარინოვი. ამ ბიჭმა ისე მოუმატა, დღეს რუსეთის ნაკრების ვიცე კაპიტანია და მისით ევროპული გუნდები ინტერესდებიან.

– შენს კარიერას რომ გადავხედოთ, რას შეცვლიდი?

– ლესტერში წავიდოდი. არც დავფიქრდებოდი ისე გადავიდოდი პრემიერლიგაში.

– 2014 და 2017 წელი შენს კარიერაში გამორჩეული იყო. სწორედ ამ პერიოდში დაგასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთლად. რის ხარჯზე მიაღწიე ამ წარმატებას?

– კლუბში სტაბილურად ძირითადში ვიყავი, ევროტურნირებზე კარგად გამოვდიოდი, ბევჯერ ვხვდებოდი ტურის სიმბოლურში, ნაკრებშიც კარგად ვთამაშობდი. 2016-17 წლების სეზონში სეზონის სიმბოლურ გუნდში შემიყვანეს. შრომა დამიფასდა და საუკეთესოდ დამასახელეს. როცა ფეხბურთელი სტაბილურად თამაშობს, ნელნელა ყველაფერი მოდის.

– დიდი ხანია რაც ფეხბურთში ხარ, ვინ დაგეხმარა ყველაზე მეტად?

– ოჯახი, მშობლები მუდამ გვერდში მედგნენ და დღესაც მიდგანან.