საქართველოს ნაკრები 2021 – კარგიც, ცუდიც, საინტერესოც…

18:09 / 18 ნოე 2021
საქართველოს ნაკრები 2021 – კარგიც, ცუდიც, საინტერესოც…

საქართველოს ნაკრებმა მორიგი წელი გაიარა, წლეულს იყო როგორც დადებითი ის უარყოფითი მომენტები, გაკვირვება კარგი და ცუდი კუთხით, იყო საკმაოდ ბევრი დებიუტი 1 წლის კვალობაზე.

საქართველოს ნაკრებმა წელი ახალი მთავარი მწვრთნელით დაიწყო. ვლადიმირ ვაისი ვილი სანიოლმა შეცვალა. წარსულში ცნობილი და ტიტულოვანი ფეხბურთელი, თუმცა მწირი სამწვრთნელო კარიერით. სანიოლს საქართველოს ნაკრებამდე საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში, ბორდოში, მიუნხენის ბაიერნში კარლო ანჩელოტის ასისტენტად და 1 მატჩით იმავე ბაიერნში მთავარ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ჩაბარებამდე პირადი მიზეზების გამო 3 წელი უგუნდოდ გახლდათ და 2021 წლის თებერვალში ჯვაროსნების თავკაცი გახდა.

ფრანგ სპეციალისტს საქართველოს ნაკრებში პირველი 3 მატჩი რთული ელოდა.  ჯვაროსნებმა შვედეთში 0:1 წააგეს, დინამო არენაზე ესპანეთთან მატჩი 1:2 დათმეს, საბერძნეთში კი 1:1 ითამაშეს. მართალია 3 მატჩში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო, თუმცა თამაშის ხარისხი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა.

საქართველოს ნაკრებმა ივნისში 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯვაროსნებმა რუმინეთს კარგი თამაშით 2:1 მოუგეს, ნიდერლანდელებთან კი 0:3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა, რაც სასიხარულოა. ნიდერლანდებთან თამაშის ხარისხიც და ანგარიშიც ძალიან ცუდი იყო, თუმცა მეტოქის სიძლიერეც გასათვალისწინებელია.

მარტის თამაშებში გაჩენილი ოპტიმიზმი, იმედს გვაძლევდა, რომ სექტემბერში ნაკრები კარგად ითამაშებდა და შედეგიც უკეთესი იქნებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი. კოსოვოსთან ბათუმში უსახურად 0:1 წაგება, თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს თითქმის არაფერი გამოსვლია. რამდენიმე დღეში ესპანეთთან ექსპერიმენტული შემადგენლობით 0:4 მწარე მარცხი და ამას ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთში 1:4 წაგება მოჰყვა. წლევანდელი სანაკრებო სექტემბერი სავარაუდოდ დიდხანს არ წაიშლება მეხსიერებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ 3 მატჩისთვის ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგიდან 8 ფეხბურთელს უხმო. ცოტა უცნაურია იმ ჩემპიონატიდან 8 მოთამაშის გამოძახება, რომლის 1 გუნდიც კი არ გასულა თუნდაც კონფერენს ლიგის პლეი-ოფშიც კი.

წინ ოქტომბრის 2 თამაში იყო და ფეხბურთელებს სიტუაციის გამოსწორების კარგი შანსი ჰქონდათ, რაც პირველ თამაშში არ გამოვიდა. სანიოლის დამოძღვრილებმა ბათუმში საბერძნეთთან 0:2 წააგეს, არც ამ შეხვედრაში გამოსვლიათ ჩვენს ფეხბურთელებს რამე. ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ არც საბერძნეთს უთამაშია კარგად, თუმცა მიუხედავად ამისა 2 გოლი გაგვიტანა. რამდენიმე დღეში ნაკრებმა მცირე დოზით მოახდინა გულშემატკივრების განწყობის გამოკეთება. ჯვაროსნებმა კოსოვოში 2:1 მოიგეს და სანიოლის ხელში პირველი 3 ქულა აიღეს.

ყველაზე სასიამოვნო ნოემბერი გახლდათ, სადაც გუნდმა 2-დან 2 შეხვედრა მოიგო. ჯვაროსნებმა, სწორედ იმ მატჩში ითამაშეს ყველაზე კარგად, სადაც ყველაზე ცოტა ფეხბურთელი აკლდათ. ჩვენებმა შვედეთს 2:0 მოუგეს, მოუგეს კარგი თამაშით, მოუგეს დამსახურებულად და მოუგეს ოპტიმიზმის დაბრუნებით. 4 დღეში ნაკრებმა გორში უზბეკეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შესარჩევ ციკლში მინიმუმ მე-3 ადგილი იყო დაგეგმილი, გუნდი 7 ქულით 4-ზე გავიდა და გეგმა ვერ შესრულდა, თუმცა წლის დასაწყისი და ბოლო ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვფიქრობთ სანიოლი ძიების პროცესში იყო და წლის ბოლოს იმ მონახაზს მიაგნო, რაზეც შეიძლება დაყრდნობა და მომავალი წლის ერთა ლიგაზე გამოსვლა. მის ხელში გუნდმა 3-4-3 სქემით დაიწყო თამაში, რაც ასე თუ ისე ამართლებს.

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელს 12 მატჩი ჩაატარა, 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 7-ჯერ დამარცხდა. ჯვაროსნებმა გაიტანეს 10 და გაუშვეს 20 გოლი. 4 გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, 2 ზურიკო დავითაშვილმა შეაგდო, თითო ბურთით კი თავი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, გიორგი აბურჯანიამ და დავით ვოლკოვმა გამოიჩინეს.

ცხადია ყოველი სანაკრებო გამოძახებისას არის ხოლმე აზრთა სხვაობა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვილი სანიოლმა საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს მისცა შანსი. მაგალითად ბუდუ ზივზივაძეს და გიორგი ბერიძეს, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი დიდად არ სწყალობდა. სანიოლის ხელში განვლილ 12 მატჩში 14 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. ნაკრების მაისურა პირველად გურამ გიორბელიძემ, გრიგოლ ჩაბრაძემ, გიორგი მიქაუტაძემ, ლაზარე კუპატაძემ, ირაკლი აზაროვმა, სერგო კუხიანიძემ, გიორგი წიტაიშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა, სანდრო ალთუნაშვილმა, გიორგი ზარიამ, გიორგი მამარდაშვილმა, საბა ხვადაგიანმა და დავით ვოლკოვმა მოირგეს.

საქართველოს ნაკრებისთვის შემდეგი ამოცანა ერთა ლიგის C ჯგუფში წარმატების მიღწევა იქნება. ბოლო თამაშებმა დაგვანახა, რომ ყველა თუ არა უმეტესი ფეხბურთელები მაინც ჯანმრთელად იქნებიან, ჯვაროსნებს წარმატების მიღწევა შეუძლიათ.