საქართველომ ჩრდ. მაკედონია მშრალზე დატოვა

21:45 / 23 სექ 2022
საქართველომ ჩრდ. მაკედონია მშრალზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ქართველთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ზუსტად ის 11 ფეხბურთლი დააყენა, რომელზეც არჩევანი 3 თვის წინ სკოპიეში გამართულ მატჩში გააკეთა.

თამაში სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ჩრდ. მაკედონიელები ერთ მომენტში პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბურთს ბლაგოია მილევსკის შეგირდები უფრო ფლობდნენ, თუმცა ქართველები დაცვაში კარგად იდგნენ.

პირველ ტაიმში უდაოდ გამორჩული იყო ელიფ ელმაზი. სტუმართ მე-7 ნომერი მარცხენა ფლანგიდან აქტიურობდა და ჩვენს ფეხბურთლებს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

21-ე წუთზე სტუმრებს გატანა შეეძლოთ. სპიროვსკის შორიდან დარტყმის შემდეგ, ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია.

36-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ჯერ აბურჯანიას ტექნიკური დარტყმული მოიგერია მეკარემ, შემდეგ ჩვენებმა კუთხური გაათამაშეს და კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ, ბურთი მიოვსკის მოხვდა და 1:0.

გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და მომენტებმაც იმატა. გოლის გატანის შანსი ჰქონდათ დავითაშვილს, კვეკვესკირს და ზივზივაძეს. ერთ მომენტში ბუდუს უფრო ყურადღებით, რომ ეთამაშა ტაიმი 2:0 მორჩებოდა.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, ეს განსაკუთრებით სტუმრებზე ითქმის. ხან მამარდაშვილი თამაშობდა კარგად, ხანაც მეტოქის მცველები არ იყვნენ ზუსტნი.

ინერტულად არც ქართველები ყოფილან. ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ გოლამდე ცოტა დააკლდა. მისი დარტყმული კარს მცირედით ასცდა.

კვარაცხელიამ მაინც გაიტანა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მცველის პასი ჩაჭრა, რის შედეგადაც ბუდუ და კვარაცხელია მეკარე პირისპირ გავიდნენ, ზივზივაძემ ხვიჩას უპასა და მანაც ცარაიელ კარში შეაგდო. ხვიჩა კვარააცხელიამ საქართველოს ნარკებში მე-9 გოლი გაიტანა.

რამდენიმე წუთში ზივზივაძეს თავადაც შეეძლო გატანა. 28 წლის ფეხბურთელი ერთი ერთზე გავიდა, პლუს მეკარე წაიქცა, თუმცა ბუდუმ ბურთი წინ გაიგდო და მომენტი გააცუდა.

დარჩენილ დროში სტუმრები ცდილობდნენ გატანას, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას ჯგუფში ორივე მატჩი მოუგო, თანაც 5:0-ზე ბურთბის შეფარდებით. ვილი სანიოლის შეგირდებმა ერთა ლიგის С დივიზიონის ჯგუფი მოიგეს და ბოლო ტურში გიბრალტარის ეროვნულ გუნდს შეხვდება.