ფავორიტთა წარმატებული დღე ვაშინგტონში

ფავორიტთა წარმატებული დღე ვაშინგტონში

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. მეორე წრიდან გათამაშებაში ჩაერთვნენ განთესილი ჩოგბურთელები. CITI OPEN-ზე პირველ ნომრად განთესილმა ანდრეი რუბლიოვმა ყველანაირი პრობლემების გარეშე სძლია ბრიტანელ ჯეკ დრეიპერს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

რუსი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ფლობდა საკმაოდ დიდ უპირატესობას, თუმცა ბრეიკპოინტების რეალიზებას ვერ ახერხებდა. მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგანმა მეცხრე გეიმში მეოთხე მცდელობით მაინც აიღო მეტოქის ჩაწოდება და შემდეგ უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე – 6:4.

მეორე პარტიაში რუბლიოვისთვის ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად წარიმართა – ანდრეიმ მესამე და მეშვიდე გეიმებში კიდევ ორჯერ დააბრეიკა ბრიტანელი და ჯამში 84 წუთში მოიგო შეხვედრაც 6:4 6:2.

მარტივ გამარჯვებას მიაღწია ტურნირის ერთერთმა ფავორიტმა ნიკ კირიოსმაც. უიმბლდონის მოქმედმა ფინალისტმა 1 საათში 6:3 6:2 სძლია კორტების მასპინძელ მარკოს ჟირონს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ჯამში 12 ეისი ჩააწოდა, 6 ბრეიკპოინტიდან კი სამის რეალიზება შეძლო.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ამერიკელი ერთადერთხელ მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა ნიკმა ამ საფრთხის გაუვნებელყოფა შეძლო.

კირიოსის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი – ტომი პოლი იქნება, ხოლო რუბლიოვი სოკ/კრისის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

null